ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული “პურის ფესტივალი” გაიმართება
28 და 29 სექტემბერს ბოტანიკურ ბაღში ტრადიციული “პურის ფესტივალი” გაიმართება, სადაც წარმოდგენილი იქნება ბოტანიკური ბაღის ქართული მარცვლოვანი კულტურების კოლექცია და საქართველოში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიების სარეალიზაციო და სადემონსტრაციო პროდუქცია.
სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში პურის ცხობის მასტერკლასები მოეწყობა. დამთვალიერებელი ორი დღის განმავლობაში იხილავს შემეცნებით ილუსტრაციას ხორბლის ქართული ენდემური სახეობების გავრცელების შესახებ.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართული, ტრადიციული თემატური სამოსი, ასევე ძველი ისტორიული ფოტოები, რომელზედაც ასახულია პურთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები
“პურის ფესტივალზე” დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება დააგემოვნოს სხვადასხვა სახეობის ქართული პური, დაესწროს მესხური ქადების, ცომის ზელვისა და თონეში პურის ცხობის მასტერკლასს და ჩაერთოს თემატურ გათამაშებებში.
ფესტივალს მუსიკალურად ბენდი გააფორმებს. ღონისძიების დასასრულს “პურის ფესტივალზე” გელოდებათ გიგი პიანომენის ცოცხალი შესრულება.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან ქ. თბილისის მერია, ქართული გენეტიკის სურსათი “გემოვანი”, “ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება”.