საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის გამოფენაზე IFTM Top Resa 2024 ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საფრანგეთში, პარიზში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ტურისტულ გამოფენაზეა IFTM Top Resa 2024 წარდგენილი.
IFTM Top Resa-ს გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასთან ერთად 10 კერძო კომპანია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია მონაწილეობს.
საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საფრანგეთში საქართველოს საელჩოსთან ერთად, IFTM Top Resa-ს სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაციას მართავს. გამოფენის სტუმრები ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და სხვადასხვა მიმართულებებს.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თანამშრომლობის მიზნით, შეხვედრებს მართავს საერთაშორისო ტურისტულ კომპანიებთან და მედია ორგანიზაციებთან. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლები B2B შეხვედრებს მართავენ მომავალ პარტნიორებთან ტურისტული პაკეტების შექმნის მიზნით.
IFTM Top Resa-ს ტურისტულ გამოფენაზე მსოფლიოს 170 ქვეყანაა წარმოდგენილი, გამოფენაში 1400 კომპანია მონაწილეობს. პარიზის გამოფენას 30 ათასზე მეტი ტურიზმის სფეროს პროფესიონალი სტუმრობს.