სესილია თაყაიშვილი – 118
„რა საჭიროა საპატიო ყარაული, ნუ დაღლით ხალხს, არავითარი სიტყვები!
ვიყავი, ვშრომობდი და დასრულდა ჩემი ცხოვრება..“
118 წლის წინ, 17 სექტემბერს, ბათუმში – დიმიტრი თაყაიშვილისა და ანა ქავთარაძის ოჯახში გოგონა დაიბადა – ქართული თეატრისა და კინოს მომავალი ჯადოქარი, ყველაზე განუმეორებელი ბებია ქართული სცენის ისტორიაში – სესილია თაყაიშვილი.
გავა წლები და ჩვენ მოვისმენთ ისტორიებს ფრანგ და იაპონელ რეჟისორებზე, რომელთაც სესილიას ოლღა ბებია – გურული ბებია ბუხართან წინდებითა და საქსოვი ჩხირებით, ომის ქარტეხილებით, სევდითა და მზრუნველობით თავის ბებიებს მოაგონებთ – თავისი ბებიების ხატება დაუდგებათ თვალწინ – ასეთი იყო გარდასახვის დიდოსტატის თამაში – ინტერნაციონალურ და განუმეორებელ სახეს ქმნიდა, “საკუთარი თავის თამაში ადვილია, საკუთარი მომავლის წინასწარმეტყველება კი ძნელი, მირჩევნია სიბერე განვასახიერო, რადგან ასაკში შესული ადამიანი უფრო საინტერესოა” ამბობდა თავად მსახიობი და ქმნიდა როლებს რომელთაც განსაკუთრებული კვალი დატოვეს ქართული თეატრისა და კინოს ისტორიაში და რაც ყველაზე მთავარია – რომელიც ძალიან შეიყვარა მაყურებელმა. გიგა ლორთქიფანიძის მიერ 1960 წელს მარჯანიშვილის თეატრში დადგმული – იმხანად ახალგაზრდა ავტორის – ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ისტორიულ სპექტაკლად იქცა. რამდენიმე წლის შემდეგ გენიალურმა რეჟისორმა – თენგიზ აბულაძემ გადაიღო ფილმი „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“ სადაც ბებიის როლი სპექტაკლის არნახული წარმატების შემდეგ კვლავ სესილიამ ითამაშა..ფილმის წარმატება დღემდე თავბრუდამხვევია…
„ სესილია თაყაიშვილი უარს ამბობს თამაშზე იქამდე, სანამ მას არ დაუდგამენ ნამდვილ ბუხარს, არ მისცემენ ქვასანაყს და ხმელ სუნელს, რომელსაც ის ამ ქვასანაყში დანაყავს. მას ასევე, აუცილებლად უნდა ჰქონდეს დაბალი სამფეხა სკამი და კიდევ სხვა უამრავი წვრილმანი, რომელიც მსახიობის შემოქმედების საიდუმლოა… სათვალე, როგორი სათვალე უნდა ჰქონდეს ამ ბებიას? მსახიობი იხსენებს ყველა სათვალეს, რაც კი ოდესმე უნახავს. მან ხომ სწორედ იმ სათვალეს უნდა მიაგნოს, რომელიც ბებიის მხატვრული სახის შექმნაში დაეხმარება. შავი, ხალვათი კაბა, ჩაცვენილი ლოყები, შუბლზე წაკრული შავი მოსახვევი, მის ქვეშ კი თეთრი-თეთრი, ფითქინა თავსაფარი, რომლის მხოლოდ ვიწრო ზოლი მოჩანს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ფეხზე მსუბუქი ფეხსაცმელი, რომელსაც თითქმის ვერც კი გრძნობს. და აი, თანდათან, შეუმჩნევლად, კაცმა არ იცის, რომელ რეპეტიციაზე, მსახიობში ჩნდება ამ ქალის გარემომცველი სამყაროს ხედვა..“- წერდა გენიალური რეჟისორი მიხეილ თუმანიშვილი სესილი თაყაიშვილის შესახებ.
სესილია თაყაიშვილის მიერ ქართულ სცენაზე განსახიერებული 120-მდე როლიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: ქრისტინე (“ნინოშვილის გურია”), ოლღა (“მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ოგუდალოვა (“უმზითვო”) ,კატარინა (“ჭირვეული ცოლის მორჯულება”), ელისაბედ დედოფალი (“მარიამ სტიუარტი”) ხოლო ქართულ კინემატოგრაფიაში, სადაც სესილია თაყაიშვილი 1948 წლიდან მოღვაწეობდა მისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი როლებია: მანანა (”ჭირვეული მეზობლები”), ვასასი (”ჩვენი ეზო”), ელპიტე (”საბუდარელი ჭაბუკი”), ოლღა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), ბორდოხანი (”დოდოსტატის მარჯვენა”), მარადია (”ნატვრის ხე”) , ასინეთა (”დათა თუთაშხია”) , ბუღალტერი (”ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” )
თბილისის საპატიო მოქალაქე, რუსთაველის სახელობისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სესილია თაყაიშვილი 1984 წელს გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე მსახიობმა ანდერძი დატოვა, სადაც წერდა: „დიდუბე არ მიყვარს და გთხოვთ, ნუ გამომიძებნით ადგილს. საბურთალოში თუ შეძლებთ, მაგრამ გთხოვთ ორ ადგილს იმიტომ, რომ ჩემს გვერდით მოხვდება, ვინც ჩემს შემდეგ წავა ოჯახიდან და არ ვიქნები მარტო. იწამეთ თხოვნა, არავითარ შემთხვევაში თეატრში არ გადამიყვანონ. ჩემი არ გადაყვანით შეწყდება თეატრში ხშირი სიკვდილი“
სესილია თაყაიშვილი თავისი განუმეორებელი შემოქმედებით მუდამ იცოცხლებს ქართველი და არა მარტო ქართველი მაყურებლის გულებში..