დღეს ხინოწმინდობაა

დღეს ხინოწმინდობაა – დღესასწაული მთიან აჭარაში (კინტრიშის ხეობა).

ხინოწმინდა — ხინოწმინდის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი სოფელ ხინოში, სოფლის განაპირას, მდინარის მარჯვენა ნაპირზე, მოვაკებულ ტერიტორიაზე მდებარეობდა. დღესდღეობით მისი მხოლოდ ნაშთებია შემორჩენილი.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით ტაძარი გუმბათიანი იყო, მაგრამ დიმიტრი ბაქრაძე აღნიშნავდა, რომ ის კონსტრუქციით აჭის ეკლესიას ჰგავდა, რომელიც უგუმბათოა. ტაძარი XVIII საუკუნეში ოსმალების ლაშქრობის დროს დაზიანდა. ოსმალები ჭვანადან შევიდნენ ხინოში და ტაძარი ცეცხლს მისცეს, რაც ხის იყო, ყველაფერი დაიწვა, მხოლოდ ქვის გამურული კედლები გადარჩა.

1873 წელს დიმიტრი ბაქრაძეს ეკლესია ძლიერ დაზიანებული დახვდა, მხოლოდ საკურთხევლის ნაწილი და ეგვტერი იყო გადარჩენილი, ფრესკები ჩამოცვენილი იყო. 1864 წელს გადარჩენილი ნაწილები განზრახ დაანგრიეს. მის შემდგომ დანგრევაში თავისი წვლილი შეიტანა მიწისძვრამაც, რის შემდეგადაც თითქმის ყველა კედელი დახეთქილა.

ეკლესია საბოლოოდ დაანგრია ემილ ტარიელაძემ 1919 წელს. მას ეკლესიის ახლოს ხის სახლი ედგა და გადაწყვიტა ტაძრის ქვებით სახლი აეგო. მან დაიქირავა ლაზი მოხელეები, რომლებსაც გაუჭირდათ ტაძრის დანგრევა და ის დინამიტით ააფეთქეს. მოგვიანებით ლაზები გაიპარნენ, მათ ეკლესიის ეზოში თიხის ქოთნით განძი უპოვიათ. ტარიელაძემ სახლის აშენება ვერ მოახერხა, ის მდინარე კინტრიშში დაიხრჩო. 1920 წელს ეკლესია უკვე აღარ არსებობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები