საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრები პოლონეთიდან 3 მედლით დაბრუნდა

საქართველოს მოკრივე გოგონათა ნაკრებისთვის პოლონეთის ქალაქ გლივიცეში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ისტორიული გამოდგა. მთავარი მწვრთნელის გაგა თოდუას ხელმძღვანელობით მოასპარეზე გოგონებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

საუკეთესო შედეგი რაჰიბა ისმაილოვამ (48 კგ) აჩვენა, რომელმაც მეოთხედფინალში პოლონელ ვიოლეტა პტაკს აჯობა, ნახევარფინალში გვინეა ბისაუელი მეტოქე არ გამოცხადდა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში უკრაინელი სოფია ტურბინინა 4:1 დაამარცხა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

ჩემპიონობასთან ახლოს იყო საქართველოს გოგონათა ნაკრების დებიუტანტი ჰურამან კასუმოვა (57 კგ), რომელიც მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში შესაბამისად, პოლონელ მაია კარბოვინსკაზე და უკრაინელ ანჰელინა ლახნოზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმის გამო ფინალურ შეხვედრას ჩაეხსნა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

განთესილთა შორის იყო თათია ბუკია (81 კგ) და ტურნირში ნახევარფინალიდან ჩაერთო, უკრაინელ ირინა ლუცაკთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები