თემურ სამხარაძე ახალგაზრდებს შორის ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიოს ჩემპიონია
მალტაში გამართულ ძალისმიერი სამჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკებსა და ახალგაზრდებს შორის ქართველი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მსოფლიოს პირველობაზე თემურ სამხარაძემ სამჭიდის ჯამში 1043,5 კგ დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა ჩაჯდომში 390 კგ, წოლჭიმში 242,5 კგ, ამოწევაში კი 411 კგ დაძლია და სამივე მოძრაობაშიც ოქროს მედლებს დაეუფლა.
თემურ სამხარაძემ ამოწევაში როგორც დიდებში, ასევე ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს ოთხი რეკორდი დაამყარა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭაბუკებს შორის გიორგი გელაშვილმა ჩაჯდომში 160 კგ, წოლჭიმში 130კგ და ამოწევაში 190 კგ დააფიქსირა. მან ჩაჯდომში ვერცხლის მედალი მოიპოვა, წოლჭიმში სამი მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და აქაც ვერცხლის მედალი მოიპოვა, ამოწევაში კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.
ახალგაზრდებს შორის ანდრია მიქაუტაძემ ჩაჯდომში 155 კგ დააფიქსირა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, ამოწევაში 195 კგ-ით კი ოქროს მედალი დაიმსახურა.