მოსწავლეთა მსოფლიოს 36-ე ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში ქართველმა მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს
ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში დასრულდა მოსწავლეთა მსოფლიოს 36-ე ოლიმპიადა ინფორმატიკაში. თაობათა ცვლის გამო, ჩვენი გუნდი ძირითადად ახალბედა მონაწილეებით იყო დაკომპლექტებული. თუმცა, სასიხარულოა, რომ ერთმა მათგანმა, ნიკოლოზ მელიქიშვილმა მაინც მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოპოვება. ინფორმაციას ამჯერადაც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია ავრცელებს.
„ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიაში დასრულდა მოსწავლეთა მსოფლიოს 36-ე ოლიმპიადა ინფორმატიკაში. როგორც პირველ წერილში ვწერდი, თაობათა ცვლის გამო, ჩვენი გუნდი ძირითადად ახალბედა მონაწილეებით იყო დაკომპლექტებული. თუმცა, სასიხარულოა, რომ ერთმა მათგანმა, ნიკოლოზ მელიქიშვილმა მაინც მოახერხა ბრინჯაოს მედლის მოპოვება და ვერცხლის მოპოვების კარგი შანსიც ჰქონდა. ძალიან ცოტა დააკლდათ ბრინჯაომდე ირაკლი სულამანიძეს და ოთარ ციბაძეს, რომლებმაც საბოლოოდ საპატიო დიპლომები დაიმსახურეს. ღირსეულად იბრძოლა დავით ძაძამიამაც, მაგრამ ამჯერად ქულები არ ეყო წარმატების მისაღწევად. რეალურად ოთხივე მონაწილეს ჰქონდა მედლის მოპოვების შანსი, მაგრამ ზოგ შემთხვევაში გამოუცდელობამ იჩინა თავი, ზოგჯერაც უიღბლობამ. უნდა ითქვას, რომ ამ ოლიმპიადაზე ზოგიერთი ამოცანაც უჩვეულოდ რთული იყო, ბევრმა ძალიან გამოცდილმა მონაწილემაც ვერ შეძლო მათი დაძლევა. საბოლოოდ, ჩვენმა მოსწავლეებმა კარგი გამოცდილება მიიღეს და იმედი მაქვს, მომავალში ეს დადებითად აისახება მათ მიერ მიღწეულ შედეგებზე. ოთარ ციბაძე ქუთაისის ფიზ-მათ სკოლის მოსწავლეა, ხოლო დანარჩენი სამი კომაროველი და პარალელურად მზიურის აღსაზრდელია. ვულოცავ ბავშვებს მიღწეულ წარმატებებს, ასევე ვულოცავ მათ სკოლებს, მშობლებს და იმ პედაგოგებს, რომლებსაც წვლილი მიუძღვით ამ ბავშვების მომზადებაში. გუნდის მომზადება და გამგზავრება დააფინანსა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრომ, ხოლო ნაკრების შერჩევის, მომზადების და გამგზავრების ორგანიზება და კოორდინაცია განახორციელა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა. თვითონ ოლიმპიადა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარდა, ხოლო დახურვა და დაჯილლდოება მართლაც რომ ეფექტური გამოდგა ეგვიპტის პირამიდების და სფინქსის ფონზე. საბოლოოდ წელს ჩვენმა მოსწავლეებმა სამ დიდ საერთაშორისო ოლიმპიადაზე: ევროპის გოგონათა ოლიმპიადა (ჰოლანდია, 2 მონაწილე), ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა (მოლდოვა, 4 მონაწილე) და მსოფლიო ოლიმპიადაზე (ეგვიპტე, 4 მონაწილე), 12 შესაძლებლიდან 7 მედალი (1 ვერცხლი, 6 ბრინჯაო) და 2 საპატიო დიპლომი მოიპოვეს. ვფიქრობ, ცუდი შედეგი არ არის 🙂 თანაც, ამ მონაწილეებთან ერთად უკან ძალიან ნიჭიერი, კარგი თაობა მოდის, რომლებიც, დარწმუნებული ვარ მალე იტყვიან თავის სიტყვას და უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევენ, რომლებსაც უკვე ძალიან შევეჩვიეთ 🙂“, – წერს გიორგი მანდარია.