აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება

19-22 სექტემბერს, ბათუმში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, რეგიონს ქართველი და უცხოელი ექსპერტები, ფრინველებზე დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ეწვევიან. მათი ჩართულობით დაინტერესებული მხარეებისთვის გაიმართება ლექცია-სემინარები, ასევე გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვან ტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირა პარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებითა და გიდით იქნება უზრუნველყოფილი. მასზე დასწრების მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია ფესტივალის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება. ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმი, რომელიც ეკოტურიზმის ერთ-ერთ პოპულარულ მიმართულებად იქცა, აჭარაში უდიდეს პოტენციალს ფლობს. შავი ზღვის სანაპირო, კერძოდ, ბათუმის შემოგარენი, “აღმოსავლეთ შავი ზღვის სამიგრაციო დერეფნის” სახელითაა ცნობილი, სადაც ყოველწლიურად 1 000 000-ზე მეტი გადამფრენი მტაცებელი ფრინველი აღირიცხება. შედეგად, აჭარა მსოფლიოში მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთ-ერთ უდიდეს კორიდორად ითვლება და ის, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც რეგიონი ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები