ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი − ნიკოლას კერცენბაუმი საქართველოს მესამედ სტუმრობს

მწერალთა სახლის რეზიდენციას ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი − ნიკოლას კერცენბაუმი სტუმრობს.

ნიკოლასი რეზიდენციაში ყოფნის პერიოდს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რეფლექსიების შესწავლას დაუთმობს. მისი მიზანია, შეაგროვოს ზეპირი ისტორიები და მოისმინოს თვითმხილველების გამოცდილება, რათა პარიზის თეატრის სცენაზე გადაიტანოს ცოცხალი ნარატივებით მოყოლილი ისტორია. „ჩემი აქ ყოფნაც ამას უკავშირდება − მოვისმინო ისტორიები და რადგან ძალიან მიყვარს ფოლკლორი, მოვისმინო გარკვეული თქმულებები, რომლებიც მომცემს კარგი ნაზავის შექმნის შესაძლებლობას“, − გვეუბნება ნიკოლასი ინტერვიუში.

როდესაც ჩვენი ქვეყნით დაინტერესების მიზეზებზე ვკითხეთ, მან გვიპასუხა: „ეს ჩემი მესამე ვიზიტია საქართველოში. გასულ წელს ვიყავი ჩამოსული საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში და ნამდვილად მოვიხიბლე დადგმების ხარისხით. როდესაც მეგობრები მეკითხებოდნენ, რით ვიყავი ასე ძლიერ მოხიბლული, ვპასუხობდი: რუსთაველით, მედეას მითით, ქართული სამზარეულოთი, ქართული ღვინით, ზოგადად, კულტურით, რომელიც ასეთი მრავალფეროვანია“.

ნიკოლასი ამ ვიზიტისას დღეებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაატარებს და სცენარისთვის საჭირო მასალას მოქალაქეებთან გასაუბრების საფუძველზე შეაგროვებს.

შეკითხვაზე, თუ რას მოელის ნიკოლასი საქართველოში სამუშაო ვიზიტით ყოფნისგან, გვპასუხობს, რომ სურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაეცნოს და გაესაუბროს, რათა საინტერესო ისტორიების თავმოყრა შეძლოს.

„ახლაც, ამ პროექტში, ვცდილობ ვიპოვო საკუთარი წარმოსახვების რეალური საფუძველი, მყარი მიწა, ხალხი, მათი ისტორიები, რომლებზეც შევძლებ დავაშენო ამბავი“.

ნიკოლას კერცენბაუმის ვიზიტი თბილისში კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება როგორც პროფესიონალი ლიტერატორებისა და ავტორებისთვის, ასევე თანამედროვე ლიტერატურით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მოისმინოს ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტისგან, როგორია თანამედროვე ევროპული დრამატურგიისა და თეატრალური ხელოვნების ამოცანები, მათი გადაწყვეტის ხერხები და სპეციფიკა.

მწერალთა სახლი უზრუნველყოფს სპეციალური შემოქმედებითი საღამოს გამართვას, რომლის ფარგლებში, თანამედროვე ევროპული ლიტერატურით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება უფრო უკეთ გაიცნოს სტუმარი, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი დრამატურგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები