თბილისის მწერალთა სახლის რეზიდენციას ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლას კერცენბაუმი ეწვევა

31 აგვისტოს თბილისის მწერალთა სახლის რეზიდენციას ფრანგი რეჟისორი და სცენარისტი ნიკოლას კერცენბაუმი (Nicolas Kerszenbaum) ეწვევა. სარეზიდენციო პერიოდში იგი შეისწავლის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რეფლექსიებს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებისგან, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები დევნილებისგან. ავტორის მიზანია, შეაგროვოს ზეპირი ისტორიები, მოისმინოს თვითმხილველების გამოცდილება და პარიზის თეატრის სცენაზე გადაიტანოს ხელშესახები, ცოცხალი ნარატივებით მოყოლილი ისტორია.

„ვიზიტის ფარგლებში, იგი შეხვდება ქართული ლიტერატურული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებს. დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების სერია ქართველ მწერლებთან, სცენარისტებთან და დრამატურგებთან, რომელიც მომავალში, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს. აგრეთვე, მწერალთა სახლი უზრუნველყოფს სპეციალური შემოქმედებითი საღამოს გამართვას, რომლის ფარგლებში, თანამედროვე ევროპული ლიტერატურით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შესაძლებლობა ექნება უფრო უკეთ გაიცნოს სტუმარი, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი წამყვანი დრამატურგი.

ნიკოლას კერცენბაუმის ვიზიტი თბილისში კიდევ ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება როგორც პროფესიონალი ლიტერატორებისა და ავტორებისთვის, ასევე თანამედროვე ლიტერატურით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, მოისმინოს ფრანგი რეჟისორისა და სცენარისტისგან, როგორია თანამედროვე ევროპული დრამატურგიისა და თეატრალური ხელოვნების ამოცანები, მათი გადაწყვეტის ხერხები და სპეციფიკა; რა არის საერთო და რა განსხვავება პიესისა თუ სცენარის წერისას ქართველ და ფრანგ ავტორებს შორის; განიცდის თუ არა ზოგადად დეკადანსს თანამედროვე ლიტერატურა და თეატრალური ხელოვნება, და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები”, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლას კერცენბაუმი არის დამაარსებელი თეატრალური ჯგუფისა franchement, tu (2005),რომლის ფარგლებში იგი უკვე 20-მდე ნაშრომის ავტორია.

მისი ბოლო თანამშრომლობა დაკავშირებულია ჰონკონგის „ფრანგული მაისის“ ფესტივალთან, რომლის ფარგლებში ნაჩვენები იყო პიესა „იღბალი“ Good Fortune (2023), რომელიც ეხება ჩინელ ბედის მკითხავებს; გაუკეთა რა ადაპტაცია კონრადის „წყვდიადის გულს“ და გადაიტანა მოქმედება „ღამის ტყვეში“, მისმა ოთხმოქმედებიანმა დადგმამ „კაირო“ (Kairo) მიიღო ფრანგული შემოქმედებითი ასოციაციის Villa Médicis Hors les Murs ჯილდო.

ტაილანდურ თეატრალურ კომპანია B-floor-თან თანამშრომლობით შექმნილმა „ტაილანდურმა სარკემ“ (A Thai Mirror) მიიღო წლის საუკეთესო ტაილანდური წარმოდგენის ჯილდო, ხოლო მისი „პერსეფონე“ (Persephone, 2022) ძირითადად წარმოდგენილია დახურული ჩვენებების ფარგლებში. მის სხვა ნაწარმოებებს შორისაა პიესა „მშვენიერი გრძნეული“ (A Beautiful Stranger), რომელიც La Poudrerie – le Théâtre des Habitants-თვის დაიდგა, შთაგონებული მედეას მითით.

სხვა მის ცნობილ ნაწარმოებებს შორისაა: „ორი მოჩვენებათა ქალაქი“ (Two Ghost Cities, 2018), „ახალი გმირი“ (A New Hero, 2014) „პინგ-პონგი“ (2017), რომელიც უკვე 300-ზე მეტჯერ დაიდგა სხვადასხვა სცენაზე.

ნიკოლასი არის თეატრალური ხელოვნების პედაგოგი სორბონის უნივერსიტეტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები