საქართველოს დაჩა მარაინი ესტუმრება

16-19 სექტემბერს მწერალთა სახლის მოწვევით საქართველოს საყოველთაოდ აღიარებული იტალიელი პროზაიკოსი, პოეტი, დრამატურგი, რეჟისორი, სცენარისტი, პუბლიცისტი, კინოდოკუმენტალისტი, ჟურნალისტი და მთარგმნელი დაჩა მარაინი ესტუმრება.

17 სექტემბერს 18:30 საათზე მწერალთა სახლში დაჩა მარაინი მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად წარადგენს წიგნს „წერის სიყვარული“, ისაუბრებს კითხვის, წერის, თარგმნის ხელოვნებაზე, საკუთარ და წიგნში წარმოდგენილი ავტორების გამოცდილებაზე, პიერ პაოლო პაზოლინიზე, რომელსაც მიუძღვნა წიგნი „ძვირფასო პიერ პაოლო“ და 80 წლის შემდეგ დაწერილ წიგნზე „ცხოვრება ჩემი“, რომელშიც მოგვითხრობს 6-8 წლის ასაკში ოჯახთან ერთად იაპონიის საკონცენტრაციო ბანაკში გატარებულ ორ წელზე.

“დაჩა მარაინის მრავალრიცხოვანი რომანი, პიესა, ლექსი თუ ესეისტური ნაშრომი მსოფლიოს თითქმის ყველა ენაზეა თარგმნილი და არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო პრესტიჟული ლიტერატურული პრემია აქვს მოპოვებული; მინიჭებული აქვს ეროვნული თუ უცხოეთის უნივერსიტეტების დოქტორის საპატიო წოდება; არის არაერთი ქალაქის საპატიო მოქალაქე; რამდენჯერმე წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე. დაჩა მარაინის ნაწარმოებთა უმეტესობა მასკულისტურ საზოგადოებაში ქალის აუტანელ ყოფას ეხება, თუმცა იგი არამხოლოდ კალმით იბრძვის ყოველგვარი უსამართლობის წინააღმდეგ, არამედ სამოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, ჩაბმულია ფემინისტურ მოძრაობაში და აქტიურად იცავს ქალთა, ლტოლვილთა თუ უმცირესობათა უფლებებს, ებრძვის რასიზმს და ისლამის დემონიზაციას, აღვირახსნილ ფუფუნებასა და ბავშვთა ჩაგვრას; ეწევა ქველმოქმედებას და უანგაროდ ხელმძღვანელობს ლიტერატურული დაოსტატების კურსებსა თუ ლიტერატურულ ფესტივალებს; ბევრს მოგზაურობს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ახალგაზრდებთან შეხვედრასა და დიალოგს.

ქართულ ენაზე გამოცემულია მისი რომანები: „გოგონა და მესიზმრე კაცი“ (მთარგმნ. ნუნუ გელაძე), ,,ხმები’’ (მთარგმნ. ნუნუ გელაძე), ,,ჩემი ქმარი’’ (მთარგმნ. მაია ტურაბელიძე)“, – ნათქვამია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები