1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი მამა გაბრიელი
1929 წლის 26 აგვისტოს დაიბადა არქიმანდრიტი, აღმსარებელი-სალოსი მამა გაბრიელი (გოდერძი ურგებაძე). ის დაიბადა ოჯახში, სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული.
მამა გაბრიელი იყო საქართველოში პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია. ხშირად ამბობდა: “ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი ვერ იქნება მამა”.
1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: „იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს“. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს დადგენილებით – 1965 წ. 3 აგვისტოს მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად მძიმე პირობებში ამყოფებდნენ.
მამა გაბრიელი ბოლო წლებში მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ მეფე მირიან III კოშკში ცხოვრობდა. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.
1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერმონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ანალიზის ჩასატარებლად იყო აღებული – დღემდე უხრწნელია.
მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი. მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, არქიმანდრიტი, ბერი, ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდანად შერაცხა, მისი ხსენების დღედ დააწესა 2 ნოემბერი.
2014 წლის 22 თებერვალს სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს. 22 თებერვალს, დილით, მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს.
თავის ქადაგებებში მამა გაბრიელი ზრუნვით თავს დასტრიალებდა საქართველოს :
„საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც“…
„ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს“…