საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად იასპარეზებს
ფინეთი ამერიკული ფეხბურთის უკონტაქტო ვერსიაში – ფლეგ-ფეხბურთის სახეობაში მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირში პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ნაკრები.
მსოფლიოს ჩემპიონატში 32 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობს. საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს. მასთან ერთად ამ ჯგუფში არიან ევროპის ახლანდელი ჩემპიონი გერმანიის ნაკრები, ასევე – დიდი ბრიტანეთისა და შვედეთის ნაკრებები.
ტურნირი ტარდება ამერიკული ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IFAF) ეგიდით. გუნდები რვა ჯგუფში არიან განაწილებული. ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეიოფებში გააგრძელებს ასპარეზობას. მსოფლიოს ჩემპიონატი 27-30 აგვისტოს გაიმართება.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე ასპარეზობის უფლება 2023 წელს ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის შემდეგ მოიპოვა. ამ ჩემპიონატზე პირველად გამოსულმა ქართველმა სპორტსმენებმა მე-16 ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ 2028 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმართება, ამერიკული ფეხბურთი სწორედ ფლეგ-ფეხბურთის ვერსიით იქნება წარმოდგენილი და მის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასეთია:
#11 – საბა გოგატიშვილი;
#9 – ლაშა უნგიაძე;
#7 – ალექსანდრე გაგოშიძე;
#87 – საბა კვერნაძე;
#14 – ანრი სიმსივე;
#3 – საბა კაპანაძე;
#23 – გიგი ყურაშვილი;
#88 – პაპუნა სონგულია;
#89 – ნიკა ოსიაშვილი;
#13 – ირაკლი გულორდავა;
#5 – ზაზა ქარჩილაძე;
#10 – ვატო აღაჯანაშვილი;
ნაკრების მთავარი მწვრთნელია ამირან ქირია.
მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები ითამაშებს ასეთი განრიგით:
27 აგვისტო, 11:30
საქართველო-დიდი ბრიტანეთი;
27 აგვისტო, 17:45
საქართველო-გერმანია;
28 აგვისტო, 11:30
საქართველო-შვედეთი.
28 აგვისტოს 16:30 საათიდან პლეიოფების გათამაშება დაიწყება.
საქართველოს ნაკრები ჩემპიონატში საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მონაწილეობს.