ამერიკის შეერთებულ შტატებში წიგნი „ქართველი პატარა ვარსკვლავები ამერიკაში“ გამოიცა
ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა წიგნი „ქართველი პატარა ვარსკვლავები ამერიკაში“, რომლის ავტორი ლეილა ქურციკიძე გახლავთ. რედაქტორი ანა ყურშავიშვილი. წიგნის თემატიკაა: ჩვენ დავბრუნდებით! საქართველო ჩვენი სამშობლოა!
ქალბატონი ლეილა 10 წელია ემიგრაციაშია. ამერიკაში გამგზავრება ოჯახთან ერთად მოუწია… მისთვის ეს წლები რთული, თუმცა საინტერესო აღმოჩნდა. თავი ახალი კუთხით აღმოაჩინა და საკუთარი დიზაინით აქსესუარების შექმნა დაიწყო. ყველა მისი ნამუშევარი ექსკლუზიურია, არ მეორდება. ის თვითნასწავლი ხელოვანია და ქმნის ულამაზეს სამკაულებს და აქსესუარებს. თავისუფალ დროს ხატვაც უყვარს და მის კოლექციას გამორჩეული ხელწერით შექმნილი ნახატებიც ამშვენებს. თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და პირველი წიგნი გამოსცა, რომლის პრეზენტაცია ვიქტორ და ლიკა სილერსონების მიერ ჩამოყალიბებულ ქართული კულტურის ცენტრში გაიმართა. სწორედ ამ სტუდიის და სხვა სტუდიების ბავშვები არიან წიგნის რესპონდენტები – ალალი, წრფელი გულის უნიჭიერესი ბავშვები, რომლებიც ქართულ ტრადიციებს ეუფლებიან.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ და მასში მონაწილეობდნენ საკონსულოდან მიხეილ ჩხეიძე, სტუდიის თეატრალური ჯგუფის მასწავლებელი ცუცა კაპანაძე, მომღერალი, კომპოზიტორი თამრიკო დავითაშვილი, მწერალი, მხატვარი ლეილა მჭედლიშვილი, სტუდიის ვოკალის უნიჭიერესი მასწავლებელი ეკა ჩიჩუა, ვოკალის პედაგოგი, საოპერო მომღერალი მანანა ასკურავა, სტუდია “ფესვების” დამფუძნებელი შორენა ბარბაქაძემ თავის აღსაზრდელებთან ერთად, პოეტი ნათია ხადური და მუსიკოსი ირაკლი შარაძე.
რატომ გადაწყვიტა წიგნის დაწერა, ან ვინ არიან ის ბავშვები, ვისზეც წიგნში საუბრობს ამაზე თავად ქალბატონი ლეილა გვიამბობს:
ლეილა ქურციკიძე: „10 წელია ოჯახთან ერთად ვიმყოფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ბრუკლინში. მოგეხსენებათ ემიგრაციის პერიოდი მძიმეა ყველასათვის, მაგრამ ჩემ შემთხვევაში წინააღმდეგობების გარეშე დაიწყო ახალი ცხოვრება, ალბათ იმიტომ, რომ ოჯახთან ერთად ვიმყოფები. მიუხედავად ამისა, მაინც დავდიოდი და თიათქოს რაღაცას ვეძებდი, რაღაცა მაწუხებდა. დიდად მორწმუნე არ ვარ, მაგრამ წავედი ქართულ ეკლესიაში, როცა შევედი დავინახე ერთად შეკრებილი ქართველი ბავშვები. მათ დანახვაზე გული სიხარულით ამევსო, თან სიმძიმე და ტკივილი ვიგრძენი სხვის მიწა – წყალზე ამდენი პატარას დანახვით და თვალებიდან ცრემლები თავისთავად წამომივიდა. სწორედ ეკლესიაში ნანახი ბავშვები და ჩემი შვილიშვილი ლიზი ზაქაიძე იყვნენ ამ წიგნის ინსპირაციის წყარო.
ჩემი ვარსკვლავ ბავშვები მიუხედავად უცხო ქვეყანაში ცხოვრებისა არ ივიწყებენ ქართულ კულტურას, უნიჭიერესები არიან – მღერიან, ცეკვავენ, დადიან თეატრალურ ჯგუფებში, ბალეტზე, სწავლობენ ქართულად წერას და კითხვას. მადლობა იმ ქართული კულტურის ცენტრებს, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ, ზრუნავენ ქართველ ბავშვებზე, რომ არ დაკარგონ ფესვები, შეუნარჩუნონ ქართული კულტურა.
სწორედ ამ ბავშვების პირველი ნაბიჯები მინდოდა წიგნში ამესახა, რათა ეს წიგნი მათი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრი გამხდარიყო, ის მათ ბავშვობის წლებს გაახსენებდა და მეტი სტიმული, მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდათ კარგად წარემართათ ცხოვრება.
მადლობა ამ დიდებულ, ძლიერ ქვეყანას, მიგვიღო, დახმარების ხელი გამოგვიწოდა, მაგრამ პატარებს მინდა ვუთხრა – არ უნდა დაგავიწყდეთ საიდან მოდიხართ! მუდამ გახსოვდეთ, თქვენი ფესვები საქართველოშია, ყლორტები უცხო მიწაზე იზრდება, ნაყოფი კი სამშობლოსაც უნდა გაუნაწილოთ.
ჩემო პატარა ვარსკვლავებო! მჯერა გაიზრდებით და მთელ დედამიწას გაანათებთ.
მე თქვენ მიყვარხართ“.
როგორც აღმოჩნდა ამ წიგნის ერთი გმირი ნატა კილაძე, რომელიც ამერიკაში 2015 წელს დაიბადა, დედიკოსთან ერთად დაბრუნდა თბილისში და აქ აგრძელებს სწავლას და ცხოვრებას. დანარჩენებს – ლიზი ზაქაიძეს, ლუკა ვადაჩკორიას, ნინო და შოთა შარაძეებს, ნატალი კალაძეს, ლუკა დუნდუას, ნიტა გოგოლაშვილს, მარიამ გოგოლაშვილს, კატო კავთუაშვილს, მაშო და ტასო ზამბახიძეებს, ანდრია გულურდავას, ანასტასია სიხარულიძეს, ელიზაბეტ მარიამ ფერაძეს, ანასტასია ვიქტორია ხაფავას, სოფი გოდერძიშვილს, ლილუ ჩიხლაძეს, ემილი ბაკურაძეს, ანდრია და ანასტასია ხარაზიშვილებს, ნუცა ყანადაშვილს, ნიკოლოზ, სოფი და ევა ანთიძეებს და ლუკა დავითაშვილს ბევრ წარმატებას და სამშობლოში მალე დაბრუნებას ვუსურვებთ.