“ის (კვლავ) აქ არის” – დღეს გია ყანჩელი 89 წლის გახდებოდა
ლეგენდარული ქართველი მაესტრო, არა მარტო ქართული, არამედ მსოფლიო კინომუსიკის კორიფე, კომპოზიტორი გია ყანჩელი დღეს 89 წლის გახდებოდა.
“ყვითელი ფოთლები… ის აქ არის… საით მიდიხარ”… უსასრულოდ შეიძლება იმ სიის გაგრძელება, რომლითაც კომპოზიტორმა მსმენელს თავი შეაყვარა და საკუთარი, ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული სიტყვა თქვა მსოფლიო მუსიკის ისტორიაში.
ღირსების ორდენი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის წოდება, პრიზი “ნიკა”, კინომუსიკისთვის, საქართველოს სახელმწიფო პრემია, საკავშირო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია, ვოლფის პრემია ხელოვნებაში, საქართველოს სახალხო არტისტი – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ჯილდოებისა, რომლებიც გია ყანჩელმა საკუთარი 84 -წლიანი ცხოვრების განმავლობაში მიიღო.
თავად 4 ფილმში გადაღებულმა კომპოზიტორმა მუსიკა 48 ფილმისთვის დაწერა, მათ შორისაა: არ დაიდარდო, არაჩვეულებრივი გამოფენა, შერეკილები, როცა აყვავდა ნუში, ცისფერი მთები, ქვევრი და ფეოლა…
გარდა ამისა, მასვე ეკუთვნის 3 ალბომი, 8 სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება, 10 ოპერა, 10 კამერული ნაწარმოები, 36 ნაწარმოები ორკესტრისათვის და ა.შ…
გია ყანჩელი დაიბადა 1935 წლის 10 აგვისტოს, თბილისში. 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოლოგის სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.
სიცოცხლის ბოლო წლები ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში გაატარა და 2019 წლის ოქტომბერში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მანამდეც და მერეც მისი მუსიკა მსოფლიოს უდიდეს სცენებზე შესრულებულა, როგორ ქართველი, ასევე უცხოელი შემსრულებლების მიერ. დღემდე არათუ ევროპის მასშტაბით, არამედ იაპონიაშიც უძღვნიან მაესტროს სხვადასხვა კონცერტებსა და ფესტივალებს, აარსებენ მისი სახელობის სტიპენდიებს – “ის კვლავ აქ არის”.
“მისი მუსიკა ანათებს ადამიანის ცხოვრების ღამეს, მას არ ეშინია უფსკრულებისა და მარტოობის. მისი ნამუშევარი Styx for viola, chor and orchestra არის თანამედროვე საგუნდო სიმფონიური მუსიკის უძვირფასესი ნიმუში” – ეს შეფასება ბერლინის კაპელის ხელმძღვანელს ეკუთვნის.