ლაშა გობაძე ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს
7 აგვისტოს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე სამმა ქართველმა სპორტსმენმა იასპარეზა.
ლაშა გობაძე ალჟირელ ბაჩირ სიდ აზარასთან გამარჯვების შემდეგ ბულგარეთის სახელით მოასპარეზე სემენ ნოვიკოვს დაუპირისპირდა და შეხვედრა დათმო, თუმცა, რადგან ქართველის მეტოქემ ფინალში გასვლა შეძლო, ლაშა გობაძემაც მოიპოვა რეპეშაჟში ასპარეზობის უფლება. ის რეპეშაჟში დანიის სახელით მოასპარეზე ტურპალ ბისულთანოვს დაუპირისპირდება.
7 აგვისტოს იასპარეზა კიდევ ერთმა ქართველმა ბერძნულ – რომაული სტილით მოჭიდავემ, რამაზ ზოიძემ (67 კგ). მერვედფინალში ის ყირგიზ ამანტურ ისმაილოვს შეხვდა და მეტოქესთან ორთაბრძოლაში ის ანგარიშით 1:12 დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.
პარიზის ოლიმპიადაზე შეჯიბრებაში ქართველი ძალოსნებიც ჩაერთნენ. პირველმა შოთა მიშველიძემ (61 კგ) იასპარეზა. ძალოსანს თავი ტრავმამ შეახსენა, რამაც მიშველიძეს საკუთარი ძალების სრულყოფილად წარმოჩენის საშუალება არ მისცა. სპორტსმენმა ოლიმპიადაზე ატაცში 121 კგ, ხოლო აკვრაში 135 კგ დასძლია, ორჭიდის ჯამში 256 კგ დააგროვა და ოლიმპიადაზე ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა.