ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება…
“სიმართლე მწარეა, ოღონდ, წამლის სიმწარე აქვს და არა შხამისა. სიმართლე აგვიხელს თვალს, რათა დანახულმა ყველა ერთნაირად შეგვძრას, შეგვაწუხოს, შეგვაშფოთოს… ეს ყველას ერთნაირად გვეხება, მეც, თქვენც, ყველას, ვინც ჩვენს საუბარს წაიკითხავს, ან არ წაიკითხავს…” – ოთარ ჭილაძე, 26 ნოემბერი, 2008 წელი.
«მდგომარეობა კი არ მივიდა ომამდე», როგორც თქვენ ამბობთ, უბრალოდ, ერთხელ კიდევ გამოაშკარავდა, გამომჟღავნდა, ყველასთვის თვალნათელი გახდა ეს გამოუცხადებელი მცოცავი ომი…
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თავიდანვე ისე წარიმართა, უომრად ყოვლად წარმოუდგენელია ჩვენი თანაარსებობა.
განა გასული საუკუნის ჯერ ოციან და მერე ორმოცდაათიან წლებშიც «ომამდე არ მივიდა მდგომარეობა?!» საერთოდ, ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება…
ყველაფერს რომ თავი გავანებოთ, ნამდვილად არ ვიყავით ომისთვის მზად, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, თითქოს ხათრი ვერ გავუტეხეთ საუკუნოვან მტერს და ავყევით, ალბათ უკვე ძვალ-რბილში გამჯდარი, უკვე გენეტიკური შიშის გამოც. შიში შეიქმს სიყვარულსა, სიყვარული კი ბრმაა. ამიტომ, შეცდომებზე ნუღარ ვილაპარაკებთ, შეცდომის შეხსენება ბრალდების წაყენებასავითაა, რაც, ჩვენში რომ ვთქვათ, სითამამეზე მეტად, სითავხედე იქნებოდა ჩემი მხრიდან.
ომი, რომელსაც ჩვენ “ორდღიანი” დავარქვით, პეტრე პირველის დაწყებულია.
ეს ომი დიდი ხნის დაწყებულია და, როგორც უკვე ვთქვით, ღმერთმა იცის, როდის ან როგორ დამთავრდება, რუსეთი შეიცვლის ზნეს თუ ჩვენ ავილაგმებით პირისაგან მიწისა.
რაც აგვისტოში მოხდა, მხოლოდ ორდღიანი მონაკვეთია სამასწლიანი ომისა და ამით არც არაფერი დაწყებულა, არც არაფერი დამთავრებულა…
მართალია, ამ ეტაპზე, მიზეზთა სხვათა და სხვათა გამო, თავისუფლებისთვის აშკარად მოუმზადებლები აღმოვჩნდით, მაგრამ გადარჩენა თუ გვინდა, ისევ ქართველებად თუ ვაპირებთ დარჩენას და მართლა ქართული სახელმწიფოს შექმნას ვცდილობთ, ეს პროცესი როგორმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.
ეს ერთადერთი გადამრჩენელი გზაა უდაბნოდან აღთქმულ ქვეყნამდე. მხატვრულად რომ ვთქვათ, ჩვენ ჯერ უდაბნოში დავხეტიალობთ და ასე ვიხეტიალებთ იქამდე, ვიდრე სულიან-ხორციანად არ განვიწმინდებით, არ გადავეჩვევით მონურ აზროვნებას, არ მოვიშორებთ მონობაში შეძენილ თვისებებს, არ განვთავისუფლდებით ლეგენდებისგან, ცრუ რწმენებისგან, ცრუ კერპებისგან, ცრუ იმედებისგან და, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, თვალს არ გავუსწორებთ სინამდვილეს, ყველგან და ყველაფერში არ მოვძებნით სიმართლეს…
სიმართლე მწარეა, ოღონდ, წამლის სიმწარე აქვს და არა შხამისა.
სიმართლე აგვიხელს თვალს, რათა დანახულმა ყველა ერთნაირად შეგვძრას, შეგვაწუხოს, შეგვაშფოთოს…
ეს ყველას ერთნაირად გვეხება, მეც, თქვენც, ყველას, ვინც ჩვენს საუბარს წაიკითხავს, ან არ წაიკითხავს…
ხუთი წლის წინაც ისევე იწვოდა ჩემთვის ჩვენი სამშობლო, როგორც დღეს იწვის. დიდი ხანია იწვის. იწვის ჩვენს თვალწინ, ჩვენს ფეხქვეშ, ჩვენს გარშემო, ჩვენს სულში!
ცოტაც და, კვამლით გავიგუდებით ყველანი, სამარცხვინოდ დავამთავრებთ, ღმერთმა იცის, ამდენ საუკუნოვან არსებობას.
ღმერთსაც გავუწბილებთ მოლოდინს და კაცსაც, რადგან ღმერთიც მეტს ელოდა ჩვენგან და კაციც. უფრო სწორად, არც ღმერთს დაუკლია ჩვენთვის ხელი და არც კაცს. მაგრამ, იმის ნაცვლად, კიდევ უფრო ჯიუტად, კიდევ უფრო მტკიცედ დავმდგარიყავით სამზეოზე, თანდათან რული მოგვერია და ისიც ვერ გავიგეთ, ვინ ან როდის შეგვიცვალა მხედრის ულუფა მონის სალაფავით…
და აი, მას შემდეგ გვეწვის ფეხქვეშ სამშობლო.
ჩვენ კი, მოურჩენელი სიბნელის ბინადარნი, ერთმანეთს ვუსისხლიანებთ თავ-პირს და ერთმანეთზე ვიყრით ჯავრს საერთო უმწეობისა და უმაქნისობის გამო.
ანუ, შეგინებულ სიცოცხლეს ვებღაუჭებით მაინც, წყალობად ვუთვლით შემგინებელს და გახსენებაც აღარ გვინდა, სახელოვანი სიკვდილი რომ სჯობს ნაძრახ სიცოცხლეს… აღარ გვჯერა, სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცის საფლავიც რომ აუღებელი ციხესიმაგრეა მტრისთვის… არადა, თუ ჩვენს სამშობლოს მართლა დაღუპვა უწერია, გვერჩიოს გულზე გვეყაროს და არა ფეხქვეშ მისი ქვები…
ერთი დღეც ნუ გვეცოცხლოს უსამშობლოდ!
ეს არც წყევლაა და არც ლოცვა. გნებავთ, ლოცვაც ესაა და წყევლაც ერთსა და იმავე დროს, რადგან უსამშობლობა, ყველა უბედურებასთან ერთად, სამარცხვინოცაა და განსაკუთრებით დღეს, როცა ისიც კი იკოწიწებს სამშობლოს, თანაც სხვათა მიწების ხარჯზე, ვისაც არასოდეს ჰქონია, არც სახნისი სჭერია ხელში, არც სასხლავი და არც კალამი… ჩვენ კი, «მონობაში გადიდკაცებულთა» ამაზრზენმა სიხარბემ შვილივით ნაფერები ვაზი აგვაჩეხინა, ომებში გაბასრებული ხმალი ქარქაშში ჩაგვიჟანგა, წიგნი გადაგვაგდებინა და უთვისტომო მაწანწალებად გვაქცია…
ეტყობა, ჩვენმა «გაიძვერა მოყვარემ» უკვე მიაღწია საწადელს: ის აღარა ვართ, ვინც უნდა ვიყოთ, ვინც ჯერ კიდევ გუშინ ვიყავით, როგორიც შეგვქმნა თავიდანვე ღმერთმა თუ ბუნებამ… მაგრამ ის მაინც ხომ უნდა გავარკვიოთ, რა მოხდა, რა უბედურება ტრიალებს ჩვენს თავს, ვისი სისხლი გვიდგას, ბოლოს და ბოლოს, ძარღვებში: «ვეფხისტყაოსნის» დამწერისა თუ ქართველთა შეთქმულების გამცემისა, სვეტიცხოვლის ამშენებლისა თუ ილიას მკვლელისა, მტრის რისხვისა თუ მტრის მსახურისა…
და მაინც, დიდი უსამართლობა იქნება ღმერთისგანაც და კაცისგანაც ჩვენი გაწირვა, მხოლოდ იმიტომ, კვლავაც იქ რომ ვდგავართ, სადაც გაჩენის დღიდან ვმდგარვართ და სადაც უნდა ვიდგეთ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე.
კვლავაც ის რომ გვწამს, რაც თვალის გახელისთანავე ვიწამეთ და დღესაც სანახევროდ თითქმის უკვე დამწვარ, გულსაკლავად დამახინჯებულ-დაპატარავებულ სამშობლოს ამარა დარჩენილებსაც გვწამს: სამშობლო ერთადერთია და განუმეორებელი! მას ვერ გამოიგონებ, ვერც სურვილისამებრ აირჩევ – ღმერთის საჩუქარია – და ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, გვევალება კიდეც, გავუფრთხილდეთ, არ დავკარგოთ, რაკი სიცოცხლესთან ერთად გვეძლევა და სისხლივით, სულივით გადაეცემა ჩვენს შთამომავალს…
ჩვენ ამირანის გამჩენი ხალხი ვართ და ჩვენი ხსნა მხოლოდ ბრძოლაა, ანუ, ჩვენთვის ყველაფერი ბრძოლაა: ლხინიც, გლოვაც… ყველაფერი, რითაც საკუთარ ვინაობას ადასტურებს და საკუთარ მეობას წარმოაჩენს ადამიანი.
ჩვენც სამშობლოსთან ერთად ვიწვით ცოცხლად, მარადიულ ცეცხლში, მაგრამ ფერფლივით კი არ უნდა გაგვფანტოს ქარმა, არამედ ისევ მშობლიურ ცასა და მიწას უნდა მიგვამატოს ცად და მიწად.
ამიტომ, როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს – წინ მარადისობაა!»
ოთარ ჭილაძე
26 ნოემბერი, 2008 წელი