სოფო ბერიშვილის ფილმმა ფესტივალზე „New Jersey Film Awards” 5 ნომინაციაში გაიმარჯვა
სოფო ბერიშვილის ფილმმა „ილუზია“ ფესტივალზე „New Jersey Film Awards” 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. ფილმი არის სურეალისტური დრამა, რომელიც მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე მოგვითხრობს. ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები: ცისია მეტრეველი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და პატარა ნენე ეპიტაშვილი. მუსიკა ფილმისთვის ზაზა მარჯანიშვილმა დაწერა.
– „ყველაფერი დაიწყო ქართულ-ამერიკული კინოაკადემიიდან. ჩავაბარე კინოწარმოების კუსრზე, სადაც გადავიღე სადიპლომო ნამუშევარი, ფილმი, სახელად „ილუზია“ “Illusion”, რომლის რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარის ავტორი თავად ვარ. ფილმის დასრულების შემდეგ დავრწმუნდი, რომ ჩემი ფილმი საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა და გადავწყვიტე ფესტივალებზე გამეგზავნა.
ფილმი არის სურეალისტური დრამა, რომელიც მოგვითხრობს მთავარი გმირის პიროვნულ ტრაგედიაზე, გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას წარსულის მოგონებებთან – როგორ ემშვიდობება ის თავის წარსულს. ფილმი მაყურებელს საშუალებას აძლევს თავად გაიგოს და გადაწყვიტოს რა მოხდა რეალობაში. სწორედ ეს იყო რეჟისორის მიზანი, მაყურებელი დაფიქრებულიყო და თვითონ გამოეტანა დასკვნა.
ფილმში მონაწილეობენ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობები. ცისია მეტრეველი და ალექსანდრე ბეგალიშვილი. ალეკოს და ცისიას ზუსტად ვხედავდი ამ როლებზე. ბავშვის როლს კი ნენე ეპიტაშვილი ასრულებს. ფილმის გადაღების დროს ის ორი წლის იყო და არაჩვეულებრივად შეასრულა თავისი როლი. სპეციალურად ფილმისთვის მუსიკა დაწერა კომპოზიტორმა ზაზა მარჯანიშვილმა, რამაც უფრო მეტი ტრაგიზმი შესძინა ფილმს, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.
ფილმი „New Jersey Film Awards”-ზე 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი და აქედან ხუთში გაიმარჯვა:
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ილუზია“ “Illusion”
საუკეთესო დებიუტანტი რეჟისორი – სოფო ბერიშვილი
საუკეთესო ოპერატორი – შაკო ჩიგიტაშვილი
საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის მსახიობი ქალი – ცისია მეტრეველი
საუკეტესო მონტაჟი – სოფო ბერიშვილი
ფესტივალზე გამარჯვება ჩემთვის და მთელი შემოქმედებითი გუნდისთვის ძალიან დიდი წარმატებაა, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ეს ყველაფერი მოტივაციას მაძლევს გავაგრძელო ჩემი საოცნებო და საყვარელი საქმე, როგორც რეჟისორმა და პროდიუსერმა“, – განაცხადა „ქართულ კვირასთან“ საუბრისას სოფო ბერიშვილმა.
ალექსანდრე ბეგალიშვილი: “ძალიან გახარებულები ვართ ყველანი, 5 ნომინაციაში გაიმარჯვა ფილმმა. პირველად როცა წავიკითხე სცენარი მომეწონა, ახლოს იყო მისტიკასთან და ამან დამაინტერესა. ძალიან პატარა ფილმია და ბევრი რამის ჩადება ვერც მოვახერხე, სამუშაო პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ სოფოს დამოკიდებულებით, მიდგომით და ხედვით მოვიხიბლე. იმედია აწი უფრო დიდ ფილმს გადაიღებს და უფრო დაგვანახვებს თავს. მთელი გულით მივულოცავ შემოქმედებით ჯგუფს ამ გამარჯვებას. მეც ვიყავი წარდგენილი მამაკაცის ნომინაციაზე, თუმცა სხვამ გაიმარჯვა, მაგრამ არაუშავს, წარდგენილი რომ ვიყავი ეგეც საქმეა. ვუსურვებ ბევრ წარმატებას პირველ რიგში სოფოს, უფრო დიდი გამარჯვებები მოეპოვებინოს, სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაეღოს და მეც მათამაშოს.”
ცისია მეტრეველი: – ეს წარმატება, რა თქმა უნდა, ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რადგან საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის მსახიობი ქალის ნომინაციაში გავიმარჯვე. ორი დღეა უამრავ მოლოცვას ვიღებ, მადლობა ყველას – ჩემს ახლობლებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, სიყვარულისთვის, ერთგულებისთვის. მადლობა ჩემს საყვარელ მაყურებელს, რომელთა გარეშე თეატრიც, კინოც და საერთოდ მსახიობის პროფესიაც წარმოუდგენელია. ეს გამარჯვება უფრო მეტ მოტივაციას მაძლევს და პასუხისმგებლობას მანიჭებს ჩემს პროფესიაში…
ფილმზე სიამოვნებით ვიმუშავე. როგორც კი გამაცნო სოფომ სცენარი და გამიზიარა თავისი ჩანაფიქრი, იმთავითვე ძალიან საინტერესოდ მეჩვენა და არც შევმცდარვარ. ის ნიჭიერებასთან ერთად ძალიან ესთეტი, გემოვნებიანი რეჟისორია, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა, დისკუსიის საშუალებას გაძლევს, იღებს რჩევებს. მსახიობისთვის, მუშაობის პროცესში, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება ალეკოს, ჩვენ ერთ თეატრში ვართ უკვე მრავალი წელია, ვმეგობრობთ, ბევრ სპექტაკლში ვიყავით და ვართ კიდეც პარტნიორები და ამ ფილმშიც ცოლ-ქმარს განვასახიერებთ.
სოფოს, ალეს, ზაზას, მთელ შემოქმედებით ჯგუფს ვუსურვებ მრავალ წარმატებას და გამარჯვებას… სოფოს ბრწყინვალე დებიუტი შედგა. ვულოცავ. ვიცი, რომ მას ძალიან ბევრი და დიდი გეგმა აქვს. წინ კიდევ მრავალი ფესტივალია.”
როგორც უკვე გითხარით, ფილმი 8 ნომინაციაში იყო წარდგენილი და აქედან ხუთში გაიმარჯვა, „ილუზიამ“ „New Jersey Film Awards”-ზე ყველაზე მეტი პრიზი აიღო. სოფო ბერიშვილის და მთლიანი შემოქმედებითი ჯგუფის წარმატება ამით არ სრულდება. ცნობილია, რომ ფილმი კიდევ ხუთ ფესტივალზე მოხვდა:
- „Stockholm City Film Festival”
- “New York International Film Awards
- “3nd Europe International Film Festival” -Portugal, Lisbon
- “San Diego Movie Awards”
- “Oniros Film Awards – New York”
“ქართული კვირა” წარმატებას უსურვებს შემოქმედებით ჯგუფს და იმედია, სასიამოვნო სიახლეებით მალე დაგიბრუნდებით.