2 აგვისტოს რეზო თაბუკაშვილი დაიბადა
1927 წლის 2 აგვისტოს დრამატურგი, მკვლევარი, მწერალი, რეჟისორი, სცენარისტი რეზო თაბუკაშვილი დაიბადა.
„მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.
მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.“
მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან. წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე მისი პიესები: “რაიკომის მდივანი”(1953), “რას იტყვის ხალხი”(1956), “დენბურგის ზარი”(1970). იგი იყო ლიბრეტოების ავტორი ოპერებისათვის: “მინდია” და “ქაჯანა”.
დიდია მისი დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები: “კვალი ნათელი”(1978) მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს იტალიაში მიაკვლია, ფილმი “საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი”(1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება. აგრეთვე ის არის სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორი შემდეგი ფილმებისა: “ალპური ვარსკვლავი”(ფილმი ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას, 1979), “ვიტორიო სელა”(1980), “მთანი მაღალნი”(1980), “მიხეილ ხერგიანი”(1981), “პირველად იყო სიტყვა”(1982), “ფურცლები ფრანგული დღიურიდან”(1983), “ნაძარცვის კვალდაკვალ”(1986), “შორეული სიახლოვე”(1987).
მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა.
რეზო თაბუკაშვილი უილიამ შექსპირის სონეტების საუკეთესო მთარგმნელად ითვლება. თარგმნის პროცესი 30 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა, თარგმანის პრეზენტაციაზე რეზოს თავისი მეუღლისთვის, მედეა ჯაფარიძისთვის უთქვამს: – “თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა, რადგან ეს სონეტები შენ გეძღვნება, შენი ინსპირირებითაა დაწერილიო”.