კვირიკობა, ლაგურკა და შალიანის ხატი
28 ივლისს, მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მოწამეთა კვირიკესა და დედამისის, ივლიტას ხსენების დღეს აღნიშნავს.
ადრე დაქვრივებული ქრისტესმოსავი კეთილშობილი ქალბატონი ივლიტა თავის სამი წლის ვაჟთან, კვირიკესთან ერთად ცხოვრობდა მცირე აზიის ქალაქ იკონიაში. დიოკლეტიანეს მიერ ქრისტიანების დევნის დაწყების შემდეგ ივლიტა მმართველთან დაიბარეს. ის სამსჯავროზე თავისი სამი წლის ძით ხელში მივიდა და ქრისტიანობა თამამად გამოაცხადა. განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვით დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა მმართველმა ის კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ კვირიკე არ ჩერდებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!” – ტიროდა და დედისკენ მიიწევდა. მმართველმა მძლავრად მოისროლა კვირიკე, რომელმაც კიბეს დაჰკრა თავი და სული განუტევა. ივლიტასაც თავი მოჰკვეთეს. ისინი დაახლოებით 305 წელს აწამეს.
საქართველოში ოდითგან დიდი პატივით იყო მოსილი ამ წმიდანთა სახელები. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.
მომლოცველები წმინდა კვირიკესა და ივლიტას შესთხოვენ ოჯახის ბედნიერებასა და ყრმათა სწრაფ განკურნებას.
უხსოვარი დროიდან სვანეთში, სოფელ კალაში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 28 ივლისს წმინდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, აღინიშნება რელიგიური დღესასწაული კვირიკობა, რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან.
წმინდა კვირიკეს ტაძარი აგებულია XI საუკუნეში და ქართული მონუმენტური ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლია. აქ დაცულია წმინდა კვირიკეს რამდენიმე უძვირფასესი ხატი XI-XII საუკუნეებისა და შალიანის მინანქრიანი ხატი, რომელშიც ჩატანებულია ჯვარიცხოვლის ნაწილი.
“შალიანი” ის ხატია, რომლის სახელსაც უშუალოდ უკავშირდება ამ ტაძრის აგება.
თქმულების თანახმად, იმერეთის მეფესთან სამუშაოდ ჩასულან სვანები, რომელსაც მათთვის გეგუთის მინდვრების მოთიბვა დაუვალებია. მათ შორის ყოფილა ერთ-ერთი კაცი, სახელად შალიანი, რომელიც მეფეს შეპირდა რომ 100 კაცის მოსათიბს ერთ დღეში მოთიბავდა მარტოდმარტო მის მიერ მოთხოვნილი გასამრჯელოს ფასად. მეფე დათანხმდა და შალიანისაც ერთ დღეში მოუთიბავს 100 კაცის მოსათიბი მინდორი და მეფისთვის სწორედ ამ ძვირფასი ხატის ბოძება უთხოვია. სვანეთში დაბრუნებული შალიანი მძარცველებს მოუკლავთ, ხატი გაუტაციათ და მისი დასაბინავებლად სწორედ ეს ეკლესია აუგიათ. ეკლესიისთვის ადგილი კი ასე შეურჩევიათ: შეაბეს უღელში მოზვრები და გაუშვეს. ეკლესია უნდა აეგოთ იქ, სადაც მოზვრები გაჩერდებოდნენ, და ამბობენ, რომ სწორედ იმ ადგილას შეჩერდნენო მოზვრები, სადაც ეხლა კვირიკეს ეკლესიაა. ააგეს ეკლესია, დააბრძანეს განძი და მას შალიანი ხატი უწოდეს.
ამიტომაც, დიდი ბოროტებისა და დანაშაულის ჩამდენის აღმოსაჩენად, შენიშნულ პირებს ამ ხატზე აფიცებენ და არ ყოფილა შემთხვევა, რომ სვანს ფიცის დროს თავისი დანაშაული არ ეღიარებინოს.
შალიანისთვის ხელის ხლება წელიწადში მხოლოდ ორჯერ შეიძლება: აღდგომის კვირის შაბათს და 28 (15) ივლისს კვირიკობის დღესასწაულზე.
ტაძარი მოხატულია დავით აღმაშენებლისა და დემეტრე მეფის კარის მხატვრის თევდორეს მიერ.