მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე რაინჰოლდ მესნერის, მასტერკლასი წარმატებით გაიმართა

კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით მოკლემეტრაჟიანი და სამთო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 23 ივლისს რაინჰოლდ მესნერის ფილმით გაიხსნა და 27 ივლისს თინათინ ყაჯრიშვილის  ოსკარზე ნომინირებული ფილმით „მოქალაქე წმინდანი“ დაიხურება.

მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში უჩვენეს სხვადასხვა ქვეყნის კინონამუშევრები –  ჩეხი, სომეხი, თურქი და ესტონელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „პირველი ღამე“, „მჟავე“, „ტრადიცია“ და  „შობის დღე“. სამთო თემატიკის ფილმების საკონკურსო სექცია დაეთმო რუმინულ სრულმეტრაჟიან ფილმ „თავშესაფარს“. საკონკურსო ფილმები შეაფასა ფესტივალის ჟიურიმ, რომელიც დაკომპლექტებულია როგორც საქართველოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი ხელოვანებით.

“წელს ფესტივალის სპეციალური სტუმარია ცნობილი ალპინისტი და რეჟისორი რაინჰოლდ მესნერი, რომელიც მესტიას კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ხათუნა ხუნდაძის, მოწვევით ესტუმრა. მესნერი პირველი მთამსვლელია, რომელმაც მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტი მარტომ დალაშქრა და ალპინიზმის ისტორიაში პირველად მწვერვალი უჟანგბადოდ დაიპყრო. ალპინისტი წარმატებით საქმიანობს კულტურის სფეროშიც. იგი ავტორია დოკუმენტური ფილმებისა: „ევერესტი“ (2020), „შეუძლებლის დაპყრობა“ (2018), „წმინდა მთა“ (2017), „ნანგა პარბატი – ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მთა“ და სხვ.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე ცნობილი ალპინისტისა და რეჟისორის, რაინჰოლდ მესნერის, მასტერკლასი წარმატებით გაიმართა

რაინჰოლდ მესნერმა გააერთიანა კულტურისა და სპორტის თემატიკა და ისაუბრა თავის პროფესიულ გამოცდილებაზე. მესნერმა დეტალურად ახსნა ექსტრემალურ პირობებში დოკუმენტური ფილმის გადაღების სპეციფიკა. მან ქართველ და უცხოელ მსმენელს გაუზიარა თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებაც, დაწვრილებით აღწერა  მწვერვალების დალაშქვრის პროცესი და მასთან დაკავშირებული ემოციური ფონი.  მასტერკლასის დასასრულ მესნერმა უპასუხა თავისი პირადი ცხოვრების, ოჯახის, საქმიანობის შესახებ დასმულ შეკითხვებს”, – ნათქვამია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ: მესტიის ფესტივალი 2021 წელს მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან ერთად დააფუძნა რეჟისორმა და პროდიუსერმა ხათუნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები