ევროპის მე-8 ოლიმპიადას – EuPhO 2024 ქუთაისმა უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ორგანიზებით, მიმდინარე წელს ევროპის მე-8 ოლიმპიადას – EuPhO 2024 ქუთაისმა უმასპინძლა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ოლიმპიადის დახურვა და გამარჯვებულთა დაჯილდოება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცერემონიების დარბაზში გაიმართა.

2024 წლის ფიზიკის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრების წევრებმა ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს. ლუკა თვალავაძემ ოქროს, თორნიკე ცაძიკიძემ ვერცხლის, ხოლო ცოტნე გიორგაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ წელს ოლიმპიადაში 55 ქვეყნის 400-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ისინი, ლიდერებთან ერთად, ერთი კვირის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქში და იასპარეზეს ფიზიკის ოლიმპიადაზე. ამასთან, სტუმრებისთვის ოლიმპიადის ფარგლებში დაგეგმილი იყო სხვადასხვა ტიპის შემეცნებითი ღონისძიება.

ევროპის ოლიმპიადა ფიზიკაში (EuPhO 2024) ერთ-ერთი პრესტიჟული და წარმატებული ტურნირია საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში, რომელიც 8 წლის წინ ესტონეთში დაფუძნდა. წლების განმავლობაში ოლიმპიადამ არაერთი ნიჭიერი და გამორჩეული ახალგაზრდა გამოავლინა.

აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდმა უკვე მეექვსედ მიიღო მონაწილეობა.

ქართველ მოსწავლეებს მოპოვებული აქვთ ოცდაორი მედალი, მათ შორის ორი ოქრო, თერთმეტი ვერცხლი და ცხრა ბრინჯაო. აქედან, 2022 წელს რიგით მეხუთე ოლიმპიადაზე, 37 მონაწილე ქვეყანას შორის საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი, რაც ოლიმპიადების განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგია.

EuPhO 2024-ის მხარდამჭერია საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები