ბარიში, ქართულ-იტალიურ კერძო სკოლა „ვიქტორიაში“ ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარიში, ქართულ-იტალიურ კერძო სკოლა „ვიქტორიაში“ ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უახლესი ლიტერატურით, რამდენიმე ასეული წიგნით შეივსო. იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს წიგნები გადასცა და მათთან შეხვედრა გამართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ბარი გამოირჩევა იმით, რომ იქ თითქმის 25 ათასი ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს და შრომობს, რაც პულიის მოსახლეობის თითქმის 4 პროცენტს შეადგენს. ემიგრანტებთან შეხვედრისას ვისაუბრე ჩვენს ბიბლიოთეკაზე, მის ისტორიაზე, ასევე წიგნიერების მნიშვნელობაზე ისტორიულ პროცესებში” – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, გენერალური კონსული ვახტანგ ანდღულაძე და ვიცე-კონსული მარიამ ალფაიძე, ასევე ქართულ-იტალიური სკოლა „ვიქტორიას“ დამფუძნებელი და დირექტორი ვიქტორია ცუხიშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკა აგრძელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში ქართული ბიბლიოთეკების გახსნას და ემიგრანტების მხარდაჭერას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები