ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ემიგრანტის – კვიროსი  ჩხაიძის მიერ დის, ელენესადმი  გამოგზავნილი  წერილები საჩუქრად გადასცეს

ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სტუმრად  იმყოფებოდნენ ლანჩხუთელი ემიგრანტის   კვიროსი  ჩხაიძის  ვაჟი  ლავრენტი (ლორან) ჩხაიძე  და  ძმისშვილი  ცისანა  ჩხაიძე-ჯაში,  რომლებმაც  მუზეუმს საჩუქრად გადასცეს  საფრანგეთიდან კვიროსის მიერ დის,  ელენესადმი  გამოგზავნილი  წერილები,  რომელშიც იგი თავისიანებს ატყობინებდა მისი ოჯახის ამბებს.

„მუზეუმში  სტუმრად  იმყოფებოდნენ ლანჩხუთელი ემიგრანტის   კვიროსი  ჩხაიძის  ვაჟი  ლავრენტი (ლორან) ჩხაიძე  და  ძმისშვილი  ცისანა  ჩხაიძე-ჯაში,  რომლებმაც  საჩუქრად გადმოგვცეს  საფრანგეთიდან კვიროსის მიერ დის,  ელენესადმი  გამოგზავნილი  წერილები,  რომელშიც იგი თავისიანებს ატყობინებდა მისი ოჯახის ამბებს.  ქალბატონმა ცისანამ მუზეუმს  გადმოსცა  საკუთარი  საბავშვო  ლექსების  კრებული და ასევე მოგონება  ემიგრანტი ბიძის შესახებ.  გთავაზობთ ამონარიდს  ამ  მოგონებიდან:

„ბედის  უკუღმართობით  უცხოეთში  მოხვედრილი  ჩემი  ემიგრანტი  ბიძის  კვიროსი  ჩხაიძის  შესახებ მინდა  რამდენიმე  ეპიზოდი  გავიხსენო. ჩემი  ბიძა  დაიბადა  ლანჩხუთის  რაიონის  სოფ.  შუხუთში, 1898 წელს. მისი მამა – ლავრენტი ჩხაიძე იყო  იმ დროისთვის  შეძლებული  ადამიანი, ფლობდა  მიწებს  და  ოჯახური  მეურნეობით იყო  დაკავებული.  დედა – ქრისტინე  ხინიკიძე იყო  დიასახლისი. მათ  ჰყავდათ  9  შვილი,   ჰქონდათ  საუკეთესო  ოჯახური გარემო.

შემდგომში  განვითარებულმა  პოლიტიკურმა  მოვლენებმა (დამოუკიდებელი  საქართველოს ოკუპაცია) აიძულეს  მამაჩემი  თედორე  და ბიძა  კვიროსი  მიმალვაში ყოფილიყვნენ,  მამიდები იძულებულნი გახდნენ  სოფლიდან  თბილისში გადასულიყვნენ, ვინაიდან მუდამ  შევიწროებულნი იყვნენ, როგორც  დამოუკიდებლობისთვის  მებრძოლი პირები.  მანამდე კვიროსის  აიძულებდა  ერთ-ერთი  ნაცნობი  პირი, რომ მისი თანამოაზრე დაებეზღებინა.  მან ასეთი  ხერხი  იხმარა: – მე  კოჭლი  კაცი  როგორ შევძლებ  ამოდენა  გზაზე  ფეხით ვიარო?(ცალი ფეხი სტკიოდა და კოჭლობდა) ცხენი რომ მყავდეს   კიდე შეიძლებოდა  რაიმე  მომემოქმედებინაო.  მიუყვანიათ  ცხენი  და  ასე  დაუღწევია  თავი, პირდაპირ თურქეთში  მოუხერხებია  გადასვლა და მერე  პარიზში  შეერთებია  ქართველ  ემიგრანტთა საძმოს. კვიროსის  ფრანგი  მეუღლისგან    1950 წელს  შეეძინა  ვაჟი,  რომელსაც  ბაბუის სახელი  ლავრენტი  დაარქვეს.  იგი  ცდილობდა  შვილი  ქართული  სულისკვეთებით  აღეზარდა. საქართველოდან  გაგზავნილი  იაკობ  გოგებაშვილის  ,,დედაენით”ასწავლიდა  ქართულ  ენას.  კვიროსი  ჩხაიძე ორჯერ  ეწვია  საქართველოს.  მეორედ  სტუმრობისას ასეთი  რამ  თქვა:  –  იქ  იმდენ ხანს  იმიტომ  გავძელი, რომ  დიდი  სურვილი  მქონდა  აქ  ფეხი  დამედგაო.  იგი  გარდაიცვალა  91  წლის  ასაკში  და  განისვენებს  ლევილის  სასაფლაოზე,  გულზე  მალამოდ  ადევს  საქართველოდან  წაღებული  მშობლიური  მიწა…”, – ნათქვამია ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები