ლადო გუდიაშვილის ნაამბობი
პარიზში რომ ვიყავი, ერთხანს ისე გამიჭირდა, ლამის ქუდი ჩამომეტარებინა ქუჩა-ქუჩა. ვიჯექი ჩემს მანსარდაში და ამაოდ ვიგონებდი ნაცნობებს, რომელთანაც ფულის სასესხებლად მიმესვლებოდა. თანაც, შემოდგომა იყო, გვიანი შემოდგომა – თბილისური გვიანი შემოდგომასავით ზუნზლიანი და სევდის მომრევი. წვიმდა და წვიმდა…
ხატვა არ მინდოდა. ავდგებოდი, მივდიოდი ფანჯარასთან და გავცქეროდი ჩამოჯანღულ ცას, სველ სახურავებს, ხავსმოდებულ კედლებს.
ვნახოთ, ვიღაცამ დააკაკუნა. ვინ ეშმაკია-მეთქი, დაღრეჯილი მივედი კართან. გამოვაღე და… ცოტა არ იყოს, შევცბი. ახალგაზრდა ქალ-ვაჟი მწვეოდა. აი, კინოში რომ გვაჩვენებენ ხოლმე ბედნიერ ამერიკელ ახალგაზრდებს, სწორედ ისეთები. სახე უბრწყინავდათ, ჩქროლავდნენ და აღარ იცოდნენ, როგორ შეეკავებინათ მოზღვავებული ხალისი. ბოდიშს იხდიდნენ და იღიმებოდნენ. მერე ქალი გამომელაპარაკა ფრანგულად – დიდად ზრდილობიანად და მოხდენილად: ჩვენ თქვენი ნამუშევრები გვინახავს, ბატონო მხატვარო, მოხიბლულნი ვართ მეცა და ჩემი მეუღლეც. გავბედეთ და შეგაწუხეთ, იქნებ დაგვავალოთ და რომელიმე თქვენი ნახატის მფლობელნი გაგვხადოთო.
ის რომ ლაპარაკობდა, მისი ქმარი სულ იღიმებოდა და ხან მე მიყურებდა სიხარულით, ხან თავის მეუღლეს.
მე აღარ ვიცოდი, რომელი სკამი შემეთავაზებინა, რომ საღებავით არ დასვრილიყვნენ. ძალიან მინდა თქვენი სურვილის ასრულება, მაგრამ თქვენი საკადრისი არაფერი მაქვს-მეთქი, – მოვახსენე.
ეს რომ გაიგონეს, შეწუხდნენ, პატარა ბავშვებივით უმწეო გამომეტყველება მიიღეს. მერე – უბრალო, მცირე რამე მაინც, ბატონო მხატვარო, სულ უბრალო, თუნდაც მონასმიო.
ვიფიქრე, ოღონდ ახლა როგორმე თავიდან მოვიშორო და, ჯანდაბას, მერე რაც იქნება-მეთქი, და ვეუბნები: ორი დღის შემდეგ შემოიარეთ-მეთქი.
ხელად დაუბრუნდათ ბედნიერი ღიმილი. ქმარმა ნეტარების გამომეტყველებით მოავლო თვალი ჩემს ოთახს და, თუმცა ინგლისური არ ვიცოდი, მაინც მივხვდი, რომ ასეთ მანსარდაში ცხოვრება ინატრა.
მოიბოდიშეს და გამომეთხოვნენ.
მე მოვბრუნდი და საწოლზე ჩამოვჯექი. მათი წასვლის შემდეგ კიდევ უფრო მწვავედ ვიგრძენი ჩემი უბედობა. თბილისი გამახსენდა. ავიღე ფანქარი და ალბომში მოვუსვი. დავხატე მოცეკვავე ქართველი ქალი, თითქოს იმ ამერიკელი ბედნიერი ქალის საპასუხოდ; დავხატე დაღლარა კინტო და საკინძეჩამოხეული ყარაჩოღელი – ესეც თითქოს იმისი ქმრის საპასუხოდ; დავხატე ვირი თბილისის ქუჩაზე და იღლიაში სახრეგაჩრილი წყნეთელი – ესეც თითქოს იმათი ნიუ-იორკის საპასუხოდ…
მერე მივეგდე და მივიძინე ნაცემი ძაღლივით.
გავიდა ორი დღე და ზუსტად დანიშნულ დროს გამოცხადდა ის ცოლ-ქმარი. ისევ ბედნიერნი, ხალისიანნი, ატაცებულნი.
ვაჩვენე ერთი ნახატი, მეორე, მესამე… აღარ იციან, რა ქნან. ქალი ხომ ტოკავდა და ალივლივებდა იმ ჰაეროვან კულულებს, კაცი სიცილად იყო ქცეული. მერე მომუდარე გამომეტყველება მიიღეს, თითქოს ეს-ესაა, დაიჩოქებენო, და – თუ შეიძლება, რომ ყველა სურათი დაგვითმოთო.
მე გამეცინა: რის დათმობა, აიღეთ, წაიღეთ-მეთქი.
მაშინ მამაკაცმა საქმიანად მთხოვა, მიბრძანეთ, რამდენი უნდა მოგართვათო. ჩემთვის ყველა ის ნახატი, ახლანდელ ფულზე რომ ვთქვათ, ათი თუმანიც არ ღირდა. აბა, ამაზე ხომ არ შევევაჭრებოდი.
– ინებეთ, ბატონებო, ფასზე ლაპარაკი როგორ შეიძლება, მე ქართველი გახლავართ-მეთქი.
მაშინ მამაკაცმა საბანკო ჩეკი ამოიღო, რაღაც დაწერა, ერთი ფურცელი ამოხია და გამომიწოდა.
მე რომ ჩემი ქართველობა დამემტკიცებინა, ჩეკისთვის არც დამიხედავს, კარებამდე მივაცილე ცოლ-ქმარი და, როგორც კი თვალს მიეფარნენ, ადგილს მოვწყდი. ისე როგორ შეირცხვენდა კაცი თავს, ერთი სადილის ფული მაინც არ დაეტოვებინა-მეთქი. ჩავავლე ჩეკს ხელი, წავიკითხე და… ჩემს სიცოცხლეში ნამდვილი ლოცვით პირველად დავლოცე მდიდარი, მდიდარი, ბედნიერი ხალხი.
ჩეკში ეწერა, რომ ამის წარმდგენელს ათასი დოლარი მიეცემაო.
ლადო გუდიაშვილის ნაამბობი – რევაზ ინანიშვილის ჩანაწერი – “მხატვარი პარიზში”
1956, 13 მაისი
წყარო: კულტურა პლუს