ისტორიაში პირველად საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები „რაგბი ევროპის” ჩემპიონატზე იასპარეზებს
ბუდაპეშტმა “რაგბი ევროპის ალაფის” მეორე ეტაპს უმასპინძლა. ტურნირზე საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები ბრინჯაოს პრიზიორი გახდა და ორი ეტაპის შედეგად დაგროვებული 34 ქულით ისტორიაში პირველად “რაგბი ევროპის” ჩემპიონატზე იასპარეზებს.
ქართველმა მორაგბეებმა მესამე ადგილისთვის შეხვედრაში მასპინძელი უნგრეთი ანგარიშით 28:10 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შვიდქალა რაგბის ნაკრები ტურნირის პირველ ეტაპზე ზაგრებში შვედებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 7:31 დათმო და “რაგბი ევროპის ალაფის” ეტაპის ვიცე-ჩემპიონი პირველად გახდა.
აღსანიშნავია, რომ შვიდქალა რაგბის ნაკრებს ევროპის 12-გუნდიან ელიტაში არასდროს უთამაშია. ჩემპიონატზე შვიდქალა რაგბის ნაკრების დებიუტი 2025 წელს შედგება.