დღეს წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი, დაყუდებულის ხსენების დღეა
წმიდა გიორგი ღმერთშემოსილი განდეგილობისა და ამა სოფლის შფოთისაგან განრიდების სურვილით საქართველოდან წავიდა და შავ, ანუ საკვირველ მთაზე დაემკვიდრა სამოღვაწეოდ. ამ დროს იქ უამრავი ეკლესია-მონასტერი იყო. ყველა ცდილობდა ადგილის დამკვიდრებას და არცთუ იშვიათი იყო სხვადასხვა ეროვნების ბერმონაზონთა შორის გაუგებრობანი. წმიდა მამამ მიუვალი მთის ნაპრალებში ჰპოვა თავშესაფარი და იქ დაემკვიდრა სამოღვაწეოდ.
გიორგი დაყუდებულის წმიდა ცხოვრების შესახებ კარგად იცოდნენ იქაურმა მოღვაწე ბერებმა. დღეს ჩვენ მის შესახებ ძალზე ცოტა რამ ვიცით, მაგრამ კარგად ჩანს, რომ ის ერთდროულად იყო უდიდესი ასკეტიც და ქვეყნიური მოღვაწეც, ყოველგვარ ეროვნულზე ამაღლებულიც და უდიდესი პატრიოტიც. მის პიროვნებაზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი წოდება – ღმერთშემოსილი.
როდესაც საქართველოდან ფარულად წასულმა დიდმა მამამ, გიორგი მთაწმინდელმა (ხს. 27 ივნისს) შავი მთის მონასტრები მოილოცა და თაყვანი სცა წმიდა სვიმეონ მესვეტისა და მისი დედის, ნეტარი მართას საფლავებს, დაიწყო სულიერი მამის მოძიება, რადგან იცოდა, რომ თვინიერ მოძღვრისა „არა არს ცხოვრებაჲ სულისა და წარმართებაჲ მონაზონებისაჲ“. მან საკვირველ მთაზე იპოვა კლდის ნაპრალში დაყუდებული წმიდა ბერი, „ვითარცა გურიტი უბიწოჲ და ტრედი უმანკოჲ, კაცი ზეცისაჲ და ანგელოზი ქუეყანისაჲ“. ეს იყო გიორგი ღმერთშემოსილი, ბერი „განშორებული ჴორცთაგან და ჴორციელ ზრუნვათაგან, გონებით ღმრთისა მიცვალებული“. წმიდა გიორგი შეყენებულმა დაიმოწაფა ღირსი გიორგი, მონასტერში დაამკვიდრა და სამი წელი შრომასა და მოღვაწეობაში, მარხვასა და მღვიძარებაში აცხოვრა.
სამი წლის შემდეგ ნეტარმა ბერმა იხილა, რომ მისი მოწაფე „ყოვლითა სრულქმნილ არს ჰასაკისა თანა სიბრძნითა და გონიერებითა“, სქიმით აკურთხა და „ამით სრულჰყო მონაზონობა მისი“.
მოძღვრის კურთხევით წმიდა გიორგიმ იერუსალიმის სიწმიდეები მოილოცა და კვლავ შავ მთაზე დაბრუნდა. გიორგი დაყუდებულმა აკურთხა წმიდა მამა გიორგი მთაწმინდელი, ათონზე წასულიყო და გაეგრძელებინა წმიდა ექვთიმე ათონელის (ხს. 13 მაისს) საქმე, ბერძნულიდან ქართულად ეთარგმნა საღმრთო წიგნები, თან შეურყეველი რწმენითა და სასოებით განმსჭვალული სიტყვებით გაამხნევა: „შვილო, რომელმან წმიდაჲ იგი (ექვთიმე ათონელი) სიკუდილისაგან იხსნა და ქართული ენაჲ განმარტა, იგივე შემძლებელ არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი“.
ღირსი გიორგი წმიდა ათონის მთაზე გაემგზავრა, მაგრამ წიგნების თარგმნის ნაცვლად შვიდი წლის მანძილზე ასრულებდა მორჩილის საქმეს. ეს რომ გიორგი შეყენებულმა გაიგო, ათონზე თავისი მოწაფე გაგზავნა და „დიდი მდურვა მიუმცნო“ გიორგის „არღა აღსრულებისათვის ნებისა მისისა“. გიორგი მთაწმინდელმა, თანახმად მოძღვრის სურვილისა, მღვდლობის ხარისხი მიიღო და შემდგომ მთარგმნელობით მოღვაწეობასაც მიჰყო ხელი.
მიუხედავად იმისა, რომ წმიდა გიორგი დაყუდებული განდეგილ ცხოვრებას ეწეოდა, მან უდიდესი ღვაწლი დასდო ქართული სასულიერო მწერლობის განვითარებას. მას მტკიცე კავშირი ჰქონდა ათონზე მოღვაწე ქართველ მამებთან, საიდანაც, მისი სიტყვით, „სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან ყოველი აღმოსავლეთი საღმრთოჲთა ნათლითა განაბრწყინვა და წმიდანი ეკლესიანი ქართლისანი ახლად შეამკვნა“. მან ლიტერატურული მოღვაწეობის გზაზე დააყენა წმიდა გიორგი მთაწმინდელი. მისივე თხოვნითა და დავალებით აღწერა გიორგი მცირემ თავისი მოძღვრის, წმიდა გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება. წმიდა გიორგი დაყუდებულს გადაუწერია დავით მტბევარის მიერ ბერძნულიდან ქართულად ნათარგმნი ცხოვრება სვიმეონ საკვირველთმოქმედის დედის, მართასი, და წმიდისა ბარლაამ სიროკავკასიელისა.
წმიდა გიორგი დაყუდებული გარდაიცვალა 1068 წელს, თავისი სახელოვანი მოწაფის გარდაცვალების შემდეგ.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.