ლევილის ქართული ფესტივალი მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დაიხურა
ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დასრულდა.
14 ივლისს, ფესტივალის ბოლო დღეს, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის – „ბასტილიის დღის“ აღსანიშნავად ღონისძიებები დაიწყო სოფო ხალვაშისა და ანსამბლ „ალილოს” მიერ საფრანგეთის ჰიმნის, „მარსელიეზას“, შესრულებით.
სტუმრები გაეცნენ ტრადიციულ ქართულ სპორტის სახეობებს. ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებმა ირაკლი ქოქოსაძემ, ზვიად ვარდუკაძემ, ნანა გამყრელიძემ, მარიტა ბიბლაიამ, ალექსანდრე ბებერაშვილმა, გიორგი ლაცაბიძემ, აკაკი დავითინიძემ, გიორგი ერქვანიამ და ჯემალ ჩიტიშვილმა საჩვენებელი წარმოდგენა გამართეს.
სტუმრები დაესწრნენ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლ „ცისკარს“ (რეჟ. ე. მაცხონაშვილი).
მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი „ალილო“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
დასკვნითი ღონისძიება დაიხურა საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტის, „ფოცხიშვილების“, კონცერტით, რომელიც ანშლაგით ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ ლევილის ქართველთა მამულმა რვა კვირის განმავლობაში არაერთ ქართველ და უცხოელ სტუმარს უმასპინძლა და ქართული კულტურისა და სპორტის სახეობების მიმართ დიდი ინტერესი გამოიწვია.
შეგახსენებთ: ქართული კულტურისა და სპორტისადმი მიძღვნილი ფესტივალი იყო პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების შემდეგ ლევილის მამულში გაიმართა. წელს ფესტივალს ლევილის მამული 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას მასპინძლობდა. ფესტივალი მეორედ იმართება და 2023 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე – მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ საფრანგეთის მოქალაქე და საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი სტუმრობდა.