თურქეთში „თურქეთელ ქართველთა ემიგრაციის პირველი საერთაშორისო დღე“ გაიმართა
7 ივლისს ტრაპიზონში ღონისძიება – „თურქეთელ ქართველთა ემიგრაციის პირველი საერთაშორისო დღე“ გაიმართა.
ღონისძიება ჩატარდა ორდუს კავკასიის ქართული კულტურისა და განვითარების, უნიეს აჭარის ქართველთა მეგობრობისა და კულტურის ასოციაციებისა და ფაცას ქართული კულტურისა და მეგობრობის პლატფორმის ორგანიზატორობითა და ორდუს მერიის მხარდაჭერით.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო გამოფენა „ქართული წარმოშობის დიდებულების ბიოგრაფიები“, სადაც წარმოდგენილი იყო ოსმალეთის სახელმწიფოში მოღვაწე ეთნიკურად ქართველი იმ სახელმწიფო პირებისა და საზოგადო მოღვაწეების ფოტოები თანდართული მოკლე ბიოგრაფიით, რომელთაც წვლილი შეიტანეს სახელმწიფოს მართვასა და განვითარებაში; ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი, ისტორიკოსმა მურათ ქასაბმა კი წაიკითხა მოხსენება ქართველი მუჰაჯირების ისტორიაზე.
ღონისძიებაზე ასევე გაიმართა ქართული ფოლკლორული ცეკვების ანსამბლისა და ჯგუფის „სამი და“ კონცერტი.
ღონისძიების მთავარი მიზანი იყო თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებში ქართული კულტურის შენარჩუნება და მომავალი თაობებისათვის გადაცემა.
ღონისძიებას ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ეთნიკური ქართველები თურქეთის სხვადასხვა რეგიონიდან.