ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი  კულტურული და სპორტული ღონისძიებებით  გრძელდება.

29 ივნისს საფესტივალო კვირა წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელების კონცერტით დაიწყო და  დღესასწაული ფოლკლორული ანსამბლ „ლალხორის“ მიერ შესრულებული სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშებითა და იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერული გუნდის კონცერტით გაგრძელდა.

სტუმრებმა ნახეს ქუთაისის თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუჭული“ (რეჟისორი ნ. მაღლაკელიძე), რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

ხრიდოლის ოსტატებმა სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის საინტერესო ილეთები უჩვენეს.

ფესტივალის სტუმრები შეხვდნენ კალიგრაფ გიორგი სისაურს, რომელმაც ქართული დამწერლობის მასტერკლასები ჩაატარა.

ლევილის ქართულმა ფესტივალმა მაყურებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და მოწონებაც დაიმსახურა.

როგორც ცნობილია, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის მამული ქართულ ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე –  მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი. ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ საფრანგეთის მოქალაქე სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები