ახმეტელის თეატრში ქართველი და ისრაელელი ბავშვების ნახატების გამოფენა და სპექტაკლი “ანე ფრანკის დღიური” გაიმართება

ხვალ, 26 ივნისს, 18:00 საათზე სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატულ თეატრში გაიხსნება გამოფენა, სახელწოდებით “ომი და მშვიდობა”, შემდეგ კი 19:00 საათზე, ღონისძიება გაგრძელდება თეატრალური წარმოდგენით “ანე ფრანკის დღიური”.

ახმეტელის თეატრს ისრაელიდან ეწვევა ცნობილი ებრაელი მხატვარი – პოლინა ჩიჟევსკაია. თეატრის ფოიეში ქართველი ბავშვების ნახატებთან ერთად პოლინა ჩიჟევსკაის ისრაელიდან ჩამოტანილი – მისი სამხატვრო სკოლის მოსწავლეების მიერ ომის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრები გამოიფინება. საღამოს გახსნის ახალგაზრდა ქართველი მომღერალი ქრისტი ჯაფარიძე, სიმღერით “ოქროს იერუსალაიმი”.

გამოფენა ახმეტელის თეატრში 14 ივლისამდე – თეატრში სეზონის დასრულებამდე გასტანს.

ხვალინდელი ღონისძიება ეძღვნება ჰოლოკოსტის მსხვერპლს, 15 წლის ებრაელ გოგონას, ანე ფრანკს, რომელსაც 12 ივნისს 95 წელი შეუსრულდებოდა.

„მე ანე ფრანკი მქვია. დავიბადე გერმანიაში 1929 წლის 12 ივნისს. ჩვენ სუფთა  სისხლის ებრაელები ვართ… უცნაური გრძნობა მიპყრობს, როცა ვიცი, რომ ქუჩაში გასვლა არ შემიძლია, არ შემიძლია სუფთა ჰაერი ვისუნთქო, ვისეირნო, ვირბინო…“

ახმეტელის თეატრში „ანე ფრანკის დღიური“ (ფრენსის გუდრიჩისა და ალბერტ ჰაკეტის პიესის მიხედვით) რეჟისორმა ოთარ ქათამაძემ განახორციელა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში – ნაცისტური ოკუპაციის დროს, 1942 წლის 12 ივნისიდან 1944 წლის 1 აგვისტომდე თავშესაფარში გამოკეტილი, 13 წლის ებრაელი გოგონა ანელიზ ფრანკი დღიურს წერს – ნაწერები სავსეა ტრაგიკული განცდითა და თავისუფლების სურვილით – სურვილით, რომელიც ანესა და ათასობით ებრაელისთვის აუხდენელი დარჩა.

სპექტაკლში მსახიობები ცოცხლად ასრულებენ ებრაულ სიმღერებს – მუსიკალური კონსულტანტი და ვოკალის პედაგოგი ვილი გრიგორიანია, კონცერტმაისტერი – ტატიანა სტარიკოვსკაია, მხატვარი – ირაკლი ბილისეიშვილი, კოსტიუმების მხატვარი – მარიკა კვაჭაძე, არანჟირების ავტორი კი – ბოგდან სლუტია.

მონაწილეობენ: ანა ჯავახიშვილი, ნინუცა ნაჩხატაშვილი, ოთო ჩიქობავა, ანანო გულედანი, გვანცა კანდელაკი, სოფია სებისკვერაძე, მამუკა მაზავრიშვილი, ჯორჯი დვალიშვილი, ლუკა ფესვიანიძე, ნინო ციმაკურიძე, დავით ასპანიძე, თამარ ბეჟუაშვილი.

ახმეტელის თეატრი და “ისრაელის სახლი” ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც ეძღვნება საქართველო-ისრაელის ბოლო 35-წლიან სახელმწიფოებრივ ურთიერთობებს. პროექტის ფარგლებშიც, სექტემბერში ახმეტელის თეატრში დაგეგმილია ფესტივალი, რომლის ფარგლებში ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ირაკლი გოგიას რეჟისორობით პირველად დაიდგმება უნიკალური სპექტაკლი “To Jerusalem from 2 Diaspora”, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  ახმეტელის თეატრის მსახიობები, ისრაელის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის გოლდა მეირის შვილიშვილი, პიანისტი გიდი მეირი და ისრაელელი მსახიობი მეგი რომი, ასევე ქართველი მომღერალი ქრისტინე ჯაფარიძე. სპექტაკლი თბილისში ხოლო შემდეგ იერუსალიმში გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში ასევე იგეგმება ქართულ ორგანიზაციებთან და მხატვრებთან ერთად ისრაელელი სამხედრო მოღვაწის იონათან ნეთანიაჰუს შესახებ ქართულ ენაზე  წიგნის გამოცემა.

“ისრაელის სახლის” ხელმძღვანელის, იციკ მოშეს თქმით, ახმეტელის თეატრის და “ისრაელის სახლის” ერთობლივი პროექტის მიზანია თეატრალური ენით და ბავშვების გულწრფელი ნამუშევრებით პოპულარიზაცია გაუწიოს მშვიდობას, გვახსოვდეს ტრაგიკული წარსული და ხელი შევუწყოთ ერებს შორის მყარ მეგობრულ ურთიერთობას.

“ისრაელი ტერორიზმისა და ქსენოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზეა. სამწუხაროდ, მსოფლიოში დღითი დღე იზრდება ის არეალი, სადაც კიდევ უფრო მეტი საფრთხე ემუქრება ადამიანთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ამიტომ დღეს უმნიშვნელოვანესია იმ ქვეყნების ურთიერთსოლიდარობა, რომლებიც ნათელ მხარეს დგანან. ამ საქმეში განუზომელია კულტურის როლი. “ისრაელის სახლისთვის” ეს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა”, – აცხადებს იციკ მოშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები