ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება

ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მეხუთე კვირა საინტერესო და მრავალფეროვანი  კულტურული და სპორტული ღონისძიებებით  დაიწყო.

22 ივნისს ფესტივალის სტუმრებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ცნობილ ვეტერან ხელბურთელებს, ლევან გელაშვილსა და შოთა თევზაძეს. სპორტსმენებმა საჩვენებელი თამაში გამართეს.

გაიმართა ანსამბლ „მართვეს“ კონცერტი. ქართული ქორეოგრაფიის ნიმუშები წარმოადგინა ანსამბლ „ერისიონთან“ არსებულმა ბავშვთა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ლაპრებმა“. საღამო ქართული პოლიფონიით დასრულდა –  მაყურებლის წინაშე ანსამბლი „დიდგორი“ წარდგა. უნდა აღინიშნოს რომ ანსამბლები პირველად მონაწილეობდნენ ლევილის ფესტივალში. ქართულმა მრავალხმიანმა სიმღერამ და ქორეოგრაფიამ მაყურებლის დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიების შემდეგ ანსამბლ „მართვეს” მომღერლები ანსამბლ „ლაპრების” მოცეკვავეებთან ერთად ლევილის ქართულ სასაფლაოზე იყვნენ. მომღერლებმა „ჩემო კარგო ქვეყანავ” შეასრულეს.

ფესტივალის სტუმრებს შორის არიან საქართველოს ეროვნული არქივის ხელმძღვანელი თეონა იაშვილი, რომელიც ლევილის მამულში დაცულ სხვადასხვა პერიოდის წერილობით დოკუმენტაციასა და წიგნად ფონდს ეცნობა, ეთნოლოგი როზეტა გუჯეჯიანი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დირექტორი დავით ოყუჯავა, ილია ჭავჭავაძის საგურამოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ანდრო ბედუკაძე, პუბლიცისტი, ლიტერატორი, პროფესორი იოსებ ჭუმბურიძე და სხვ.

როგორც ცნობილია, 24 მაისიდან 14 ივლისამდე ყოველ შაბათ-კვირას ლევილის ქართველთა მამული ქართულ

ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი მეორედ იმართება და წინა წლისგან განსხვავებით, გაზრდილია როგორც ხანგრძლივობა, ისე –  მონაწილეთა რაოდენობა. წელს პირველად ლევილის მამულში განსაკუთრებით მასშტაბურად აღინიშნა 26 მაისი.  ყოველკვირეულად ფესტივალს არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმრობს. ღონისძიებების სტუმრებს შორის არიან საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები