ვალერიან გუნიას – “თეატრის ილიას” დაქორწინების ამბავი
ვალერიან გუნიას (1862-1938) დაქორწინების ამბავი ერთ-ერთი საინტერესო და საგულისხმო ისტორიაა მისი ბიოგრაფიიდან.
ქართულ თეატრს ფინანსურად გაუჭირდა, ვალერიანს ცოლი ჯერ არ ჰყავდა და როცა 1898 წელს, გარიგებით დაქორწინდა ქიზიყელ, მდიდარ ივანე გომელაურის ქალიშვილზე, ყველამ შვებით ამოისუნთქა. მისი ერთ-ერთი გულშემატკივარი ამ დროს ილია ჭავჭავაძე ყოფილა, რომელსაც უთამადია კიდეც საქორწინო სუფრაზე.
დაქორწინებისას ვალერიან გუნიასა და ნინა გომელაურის მამას – ივანეს შორის ხელშეკრულება (გარიგება) გაფორმებულა, რომლის მიხედვითაც მზითევის ნახევარი თეატრალური საზოგადოების საკუთრებაში უნდა გადასულიყო.
მზითვი კი საკმაოდ მდიდრული ყოფილა. ვალერიანმა მიიღო სახლები, მიწები, ფული ოქროზე და ეგრევე სტამბა შეუძენია გამოცემებისთვის.
ვალერიან გუნია არაფერს ზოგავდა და საზოგადო საქმეებს ახმარდა გომელაურების მსუყე ქონებას. მისი ერთ-ერთი თანამედროვე იხსენებს, როგორ გააგზავნა ვალერიანმა საფრანგეთში კოტე მესხი ფრანგული კომედიების შესასწავლად (ქართულ თეატრში რომ დაედგათ და რეპერტუარი გაემდიდრებინათ).
ილია ჭავჭავაძეს ვალერიან გუნიასთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებდა. ვალერიან გუნია ილიას სახლში გამართულ «ხუთშაბათობებს» და «ილიაობებს» ყოველთვის ესწრებოდა და გარდა ლხინისა, ჭირშიაც ილიას დამტირებელი იყო.
ილიას მკვლელობის მერე დამკრძალავ კომისიას ჩაუდგა სათავეში. თანამედროვეთა გადმოცემით, ის წინ მიუძღოდა ილიას პროცესიას და მისი გამოსათხოვარი სიტყვაც მეტად ამაღელვებელი იყო.
ვალერიან გუნიას «თეატრის ილია» შეარქვეს.
როცა ქართულ პროფესიულ თეატრზე საარქივო მასალების მოძიებას შეუდგები, ყველაზე ხშირად ვალერიან გუნიაზე ცნობებს შეხვდები.
ვალერიან გუნია, როგორც თეატრის მსახიობი (განასახიერა მეფე ლირის, ოტელოს, ოიდიპოსის, კაკო ყაჩაღის, ოთარ ბეგის და სხვა სასცენო როლები).
ვალერიან გუნია, როგორც კინომსახიობი ( «არსენა ჯორჯიაშვილი» (გენერალი), «სურამის ციხე» (ვეზირი), «მოძღვარი» (მაყვალას მამა), «მამის მკვლელი» (ნიკალა), «ხანუმა» (ვაჭარი ადამი), «გოგი რატიანი» (მეეზოვე), «ამოკი» (ევროპელი ქალის ქმარი) და სხვა.
ვალერიან გუნია, როგორც ლიბრეტოს ავტორი ოპერებისათვის «დაისი» (ზაქარია ფალიაშვილი), «დინარა» (დიმიტრი არაყიშვილი).
ვალერიან გუნია, როგორც რედაქტორი (ჟურნალი «თეატრი», გაზეთი «ცნობის ფურცელი», იუმორისტული ჟურნალი «ნიშადური», ჟურნალი «საქართველო», გაზეთი «ისარი» და სხვა).
ვალერიან გუნია, როგორც თეატრის ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, კალენდრის გამომცემელი (1888 წლიდან 14 კალენდარი – წიგნი გამოიცა), მომავალი თაობების აღმზრდელი, ქართულ კულტურაზე მზრუნველი საზოგადო მოღვაწე და მწერლების მეგობარი პიროვნება.
ვალერიან გუნია 1921 წლიდან ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს. იყო საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავმჯდომარე.
ვალერიან გუნიას და ნინა გომელაურს ოთხი შვილი შეეძინათ; – ვალიკო, ტასო (მისი მეუღლე იყო პავლე საყვარელიძე, რომელმაც მენშევიკების კონსტიტუცია დაწერა), დოდო (კონსტანტინე კუზნეცოვის ცოლი) და ნონა (მოცეკვავე, რომელიც ჯანო ბაგრატიონთან ერთად ცეკვავდა).
უფროსი შვილი ვალიკო 1937 წელს დააპატიმრეს, ამავე წელს დოდო გუნია კონსტანტინე კუზნეცოვს გაჰყოლია ცოლად, 1938 წელს კი გარდაიცვალნენ მამა-შვილი ვალერიან და ვალიკო გუნიები და ამ დროს დაიბადა დოდო გუნიას შვილი, რომელსაც ვალერიან გუნიას ანდერძის მიხედვით, გიორგი დაარქვეს და გუნიას გვარზე დაწერეს.
ასე დასრულდა ქართულ კულტურასა და ხელოვნებაზე დამაშვრალი მოღვაწის ვალერიან გუნიას ცხოვრება, რომელმაც მთელი ცხოვრება სხვათა დახმარებას შეალია და თავად ძველი ფეხსაცმელებით და გაცრეცილი ტანსაცმლით ჩაასვენეს სამუდამო განსასვენებელში. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.
წყარო: ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია