აჭარაში თურქთაგან წამებულნი, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე სულთმოფენობას

აჭარელი მოწამეები – მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი (XVII-XVIII). საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდანნი, ხსენების დღე სულთმოფენობას.

აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.

საქართველოს ეს განაპირა კუთხე სისხლით და ოფლით წერდა გმირულ ფურცლებს ერის ისტორიაში.

XVI საუკუნიდან აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველოს ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს.

უსჯულო მტერმა კარგად იცოდა, რომ ქართველი ერის გასანადგურებლად აუცილებელი იყო ქრისტიანობის აღმოფხვრა, ამიტომ ყოველ ღონეს მიმართავდა აჭარლების გასამაჰმადიანებლად. როცა ცბიერებით და მოტყუებით ვერაფერს გახდა, მან ძალადობას მიმართა.

ცნობილ მეცნიერს ზაქარია ჭიჭინაძეს თავის ნაშრომში „ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში“, მოჰყავს ღრმად მოხუცი აჭარელის ნაამბობი: „აჭარაში გამაჰმადიანების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზე მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ… ასეთ მოხუცებულთა რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა… ბოლოს მთავრობისაგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაამაჰმადიანეთ, თუ არ გამაჰმადიანდნენ, მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულები შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც დგას. ამ ხიდზე დაუდვითა თავ-საკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ: თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენ. ეს საქმეები მომხდარა ამ ასი წლის წინათ, ე.ი. 1790 წლებში“.

სახრჩობელები და თავსაკვეთები იყო აღმართული სოფელ აჭარისწყალში, ქედაში, დანდალოში, ჩაქვში, ხულოში, მაჭახელაში და გონიოში.

ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული დოკუმენტი უფრო შემზარავად აღწერს ქრისტესთვის თავდადებულთა წამებას: „რომელ ხორცეულ ენას შეუძლია წარმოთქვას იმდროინდელ ქრისტიან მამათა და დედათა დასჯა-ტანჯვანი. ვის ცოცხალს ტყავს აძრობდნენ, ვის ოთხ პალოზე გაკრულს ბაწრებით გულს უღებდნენ, ვის ნაკუწ-ნაკუწ სჭრიდნენ ხმლითა და ვის ხანჯლით გულ-მუცელს უპობდნენ, ვის შამფურზედ გაცმულს ცოცხლებრივ ცეცხლზე სწვავდნენ, ვის შიშველს გახურებულ საჯდომზედ აგებდნენ… რკინის საწვავით ხვრეტდნენ, ვის ადუღებულ წყალში ხარშავდნენ, ვის გამდნარ ტყვიას ასხამდნენ პირში, ვის ანთებულ კირში აგდებდნენ…“

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა ქრისტიანობის დაცვისათვის აჭარაში მოწყვეტილი დედები და მამები.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები