მარიამ კალანდაძე სწავლას სექტემბრიდან LSE-ში სოციალური ანთროპოლოგიის 5-წლიან სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს
თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული და, ასევე, სოციოლოგიის საგნის ლექტორი, მარიამ კალანდაძე სწავლას სექტემბრიდან LSE-ში (London School of Economics and Political Science), სოციალური ანთროპოლოგიის 5-წლიან სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარიამმა მოიპოვა LSE Studentship-ის გრანტი, რომელიც სრულად დაფარავს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს. ის ასევე მიიღეს UCL, SOAS და University of Edinburgh-ში.
LSE-ის სოციალური ანთროპოლოგიის პროგრამა ბრონისლავ მალინოვსკის მიერ დაარსებული ფუძემდებლური სკოლაა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია მსოფლიოში.
მარიამის სადოქტორო კვლევის სათაურია: Nation in Building: Affective Geography of the Georgian Parliament and a Nation Imagined. კვლევის ფარგლებში, მისი მიზანია გააანალიზოს თუ რა როლს იკავებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია და ამ სივრცეში განფენილი წინააღმდეგობრივი აფექტი, საქართველოს ნაციონალური და პოლიტიკური იდენტობის ფორმირების პროცესში.
მარიამს სოციალური ანთროპოლოგიის პროფესორი და კავკასიის მკვლევარი მატიას პელკმანსი უხელმძღვანელებს. მას საქართველოზე რამდენიმე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული და კარგად იცნობს კავკასიის პოლიტიკურ კონტექსტს, რაც მარიამის კვლევისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება.