საქართველოში Junior NBA-ს ჩემპიონატი დაიწყო

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA), საქართველოში ამერიკის საელჩოსა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით საქართველოში უკვე მერვედ იმართება NBA-ს ახალგაზრდული ჩემპიონატი.

NBA-ს ახალგაზრდული ლიგა NBA-ს პრინციპით ტარდება. ჩემპიონატის თითოეული მონაწილე გუნდი სპეციალური კენჭისყრის შედეგად შერჩეულ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წევრ გუნდს წარმოადგენს, რომლის სახელითაც მთელი ჩემპიონატის განმავლობაში იასპარეზებს.

საკვალიფიკაციო ეტაპების შედეგად A, B და C ლიგებში 90 გუნდი და 1300-ამდე ახალგაზრდა კალათბურთელი მონაწილეობს, რომელთაც საჩუქრად კენჭისყრის შედეგად გამოვლენილი NBA-ს შესაბამისი გუნდის ფორმები გადაეცათ.

„პროექტის განსაკუთრებულმა პოპულარობამ და საქართველოში კალათბურთის მიმართ გაზრდილმა ინტერესმა გასულ წელს პირველად ახალი – C ლიგის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი. როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში საკალათბურთო სკოლებისა და ახალგაზრდა კალათბურთელების რიცხვი დღითიდღე იზრდება, ამიტომ პროექტის ორგანიზატორებმა ახალგაზრდული NBA-ს ახალი – C ლიგა შექმნეს, რომელშიც, მსგავსად A და B ლიგებისა, 30 გუნდი ასპარეზობს.

A ლიგის თამაშები დივიზიონების მიხედვით თბილისში, რუსთავში, ხაშურში, თელავში, ქუთაისსა და  ბათუმში ჩატარდება, ხოლო  B და C ლიგის თამაშებს  დედაქალაქი უმასპინძლებს.

ახალგაზრდული NBA-ს მსვლელობისთვის თვალყურის დევნება გულშემატკივრებს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საიტსა და სპეციალურად ლიგისთვის შექმნილ აპლიკაცია OWQLO-თი შეეძლებათ. აპლიკაცია ახალგაზრდული NBA-ს საერთაშორისო პროდუქტია, რომელიც პროექტის მონაწილე ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებს და გულშემატკივრებს, როგორც თამაშების შედეგების, ასევე, ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას“, – ნათქვამია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები