დღეს წმიდა მოციქულთასწორის მეფე მირიანის და დედოფალი ნანას (IV) ხსენების დღეა
წმიდა მირიან მეფე და წმიდა ნანა დედოფალი IV საუკუნეში ცხოვრობდნენ. მეფე მირიანი 7 წლისა იყო როცა ტახტზე ავიდა. 15 წლისამ კი ცოლად ნანა დედოფალი მოიყვანა. მეფე მირიანი ძალიან განსწავლული ყოფილა და ქვეყნის სიყვარულისა და თავდადების გამო, ხალხიც დიდად აფასებდა და სიყვარულით პასუხობდა.
ამ დროს ქართველები ჯერ ქრისტიანები არ იყვნენ და მეფეც და ხალხიც სხვადასხვა კერპებს სცემდნენ თაყვანს. განსაკუთრებით კი არმაზის კერპს მიაგებდნენ პატივს, არმაზი მთაზე აღმართული უზარმაზარი სპილენძის ქანდაკება იყო, მას ტანთ ოქროს ჯაჭვის პერანგი ემოსა, თვალების ადგილას კი მწვანე ზურმუხტი და წითელი ბერილის თვლები ჰქონდა ჩასმული. ხელში ბასრი და ელვარე ხმალი ეპყრა, იმის ნიშნად, რომ თუკი ვინმე შეეხებოდა მყისვე განგმირავდა. მეფე მირიანიც იმ დროისთვის არმაზის კერპს სთხოვდა დახმარებას, და სანაცვლოდ მსხვერპლს სწირავდა ხოლმე. იმართებოდა მდიდრული რიტუალები კერპის გულის მოსაგებად.
ეს იყო დრო, როცა კაპადოკიელი წმინდა ნინო მცხეთაში ჩამოვიდა რათა დაერწმუნებინა ერი და მეფე ქრისტიანული მოძღვრების ჭეშმარიტებაში. ეს ამბავი კი, როგორც გადმოცემა მოგვითხრობს, სასწაულებთან ყოფილა დაკავშირებული. სწორედ სასწაულმა გაუნათა გონება მეფე მირიანს.
გადმოცემა მოგვითხრობს, რომ ერთხელ ნანა დედოფალი მძიმედ ავად გამხდარა. მისი განკურნება ვერავინ შესძლო, როცა ყველას იმედი გადაეწურა და დედოფალი სიკვდილისთვის იყო განწირული, დახმარებისთვის წმინდა ნინოს მიმართეს. ნინომ ყველასთვის მოულოდნელად დედოფალი სასწაულებრივად განკურნა. მეფე ამ ამბით შეფიქრიანდა, ალბათ პირველად შეეპარა ეჭვი საკუთარ რწმენაში და ნინოს ღმერთის ძლიერებაზე ჩაფიქრდა. თუმცა დედოფლის განკურნება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ მეფე მირიანს თავის რწმენა დაეტოვებინა. დედოფალი კი განკურნების დღიდან გვერდიდან არ მოშორებია ნინოს. მეფესაც დაუღალავად შეაგონებდა ქრისტიანობა ერწმუნა, თუმცა ამაოდ.
მირიან მეფეს სასწაული საკუთარი თვალით უნდა ენახა, რომ ერწმუნა. ერთ დღეს 323 წლის 20 ივლისს, შაბათ დღეს, მეფე მირიანი ამალასთან ერთად სანადიროდ წავიდა მუხრანისკენ. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მცხეთაში დაბრუნებისთანავე ამოეწყვიტა ყველა ქრისტიანი, მათ შორის, ნანა დედოფალიც, თუ ის არ უარყოფდა ქრისტეს რჯულს. თხოთის მთაზე ასულ მეფეს ზუსტად შუადღეს მზე დაუბნელდა, ირგვლივ უკუნი ჩამოწვა. მირიანი ვერაფერს ხედავდა. შეშინებული მეფე მუხლებზე დაეცა და საკუთარ კერპებს დახმარება შესთხოვა. სინათლე არსაიდან ჩანდა. სასოწარკვეთილ მირიანს ნინოს ღმერთი გაახსენდა. მას გულით შესთხოვა უკუნიდან გამოეხსნა და დაჰპირდა, რომ მის რჯულზე მოექცეოდა, სამუდამოდ თაყვანს სცემდა ჯვარს და სალოცავებს ააშენებდა. დაასრულა თუ არა მირიანმა პირველი ლოცვა, მოხდა სასწაული, სიბნელე გაიფანტა და ირგვლივ ყველაფერი განათდა.
გახარებული მეფე უკან დაბრუნდა, ნანა დედოფალს მიეგება და 50 მხლებელთან ერთად ნინოსკენ გასწია. წმინდა ნინომ სიხარულით მიიღო მეფე, მოისმინა მისი მონათხრობი და უფლის თაყვანისცემა ასწავლა.
ამ დროს ბიზანტიის იმპერიაში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იყო გამოცხადებული. მირიანმა სწორედ ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინეს სთხოვა საქართველოში ქრისტიანი მღვდელთმსახურები გამოეგზავნა რათა მის სამშობლოშიც მონათლულიყო ხალხი.
უამრავი ადამიანი მოგროვდა ქრისტეს რჯულზე მოსანათლად. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. წმინდა ნინოს გარდაცვალების შემდეგ, მირიანმა მაყვლოვანში, ნინოს საცხოვრებელ ადგილას ეკლესია ააშენა, იმ ადგილას, კი სადაც ახლა მცხეთის ჯვარი დგას, ხის ჯვარი აღმართა. ჯვარი დადგა თხოთის მთაზეც, იქ, სადაც სასწაული გადახდა თავს. მის სახელთანაა დაკავშირებული სვეტიცხოვლის პირველი ეკლესიის მშენებლობაც და ლეგენდაც სასწაულმოქმედი სვეტის შესახებ.
მეფე მირიანი მისი ანდერძის შესაბამისად, სამთავროს ეზოში დაკრძალეს.
საქართველოს ეკლესიამ მირიანი და ნანა წმინდანად შერაცხა, როგორც პირველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი, რომელთა გადაწყვეტილებამაც მთლიანად შეცვალა ქვეყნის მომავალი.