საქართველოს კაცთა და ქალთა 3×3 კალათბურთის ნაკრებები ევროსაკვალიფიკაციო ტურნირში იასპარეზებენ
საქართველოს 3×3 კალათბურთელთა ეროვნული ნაკრებები ევროპის თასის საკვალიფიკაციო ტურნირზე გაემგზავრა. კაცთა და ქალთა ნაკრებებს აქვთ შანსი, საკვალიფიკაციო ტურნირში წარმატების შემთხვევაში ევროპის თასის (იგივე ჩემპიონატის) ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
როგორც კაცთა შორის, ისე ქალთა 4 საკვალიფიკაციო ტურნირი იმართება. საქართველო მოხვდა რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, სადაც თითოეულ გენდერში 2-2 საგზური თამაშდება. ანუ ევროპის თასზე ის გუნდები გავლენ, რომლებიც საკვალიფიკაციოს ფინალში გააღწევენ.
ქალთა ნაკრებში საქართველოს ღირსებას ნატალია ოთხმეზური, ეკატერინე წივწივაძე, ანა ქავთარაძე და თამარ პაპუაშვილი დაიცავენ! მათი მწვრთნელი ლელა ცანავა იქნება. ისინი ჯგუფში რუმინეთთან, ლატვიასთან და დიდ ბრიტანეთთან მოხვდნენ. ბიჭების ნაკრებში კი ნიკოლოზ დარბაიძე, ვახტანგ გაფრინდაშვილი, ლუკა ზაქრაძე და ანზორ ნადირაძე ითამაშებენ. ბიჭებს დავით გასიტაშვილი უთავკაცებს. მათ ჯგუფში ისრაელი, მონტენეგრო და საბერძნეთი ჰყავთ.
ორივე გენდერულ კატეგორიაში 2-2 ჯგუფი იქნება და ნახევარფინალში თითოეულის გამარჯვებული გავა. ჯგუფებში II და III ადგილებზე გასულები ნახევარფინალში გადასასვლელ საკვალიფიკაციო მატჩს ითამაშებენ.
ტურნირი რუმინეთის დედაქალაქში 15-16 ივნისს გაიმართება.