საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისი დაამარცხა
მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადების პერიოდში უმცროსი “ბორჯღალოსნები” ორმატჩიან სერიაში ავჭალის სტადიონზე ინგლისელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ. საქართველოს ნაკრებმა ინგლისის ნაკრები ანგარიშით 45:17 დაამარცხა.
პირველ ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა ინგლისელებს ანგარიშით 16:5 სძლიეს, შეხვედრის მეორე ნახევარში კი “ბორჯღალოსნებმა” სამი ლელო დადეს.
შეგახსენებთ, რომ ორმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა ქართველებმა ინგლისელებთან ანგარიშით 7:31 დათმეს. მსოფლიოს რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს სამხრეთ აფრიკა 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ტურნირში მონაწილეობას 12 ნაკრები მიიღებს. ქართველი მორაგბეები პირველ თამაშში 29 ივნისს ავსტრალიას დაუპირისპირდებიან, 4 ივლისს – ირლანდიას, 9 ივლისს კი იტალიას შეხვდებიან.