„მოქალაქე წმინდანმა“ ბულგარეთის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდო მიღო

ბულგარეთის ქალაქ სტარა-ზაგორაში 1 ივნისიდან მიმდინარე საერთაშორისო კინოფესტივალზე „IFF Golden Linden-2024“, საქართველოს, საფრანგეთისა და ბულგარეთის ერთობლივმა პროდუქციამ, რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა – „მოქალაქე წმინდანი“ – საუკეთესო ფილმისთვის ფესტივალის ჯილდო დაიმსახურა.

ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.

გამარჯვებული ფილმი დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდა და მან საერთაშორისო ჟიურის მაღალი შეფასებები მიიღო.

რეჟისორმა თინათინ ყაჯრიშვილმა ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა  აუდიტორიას და მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორებსა და ჟიურის ფილმის მაღალი შეფასებისთვის.

კინოფესტივალის მიზანია ბულგარეთში ევროპული კინოს პოპულარიზაცია და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის უახლესი და საინტერესო ფილმების ჩვენება. ფესტივალს აქვს ორი პროგრამა: საკონკურსო და დამატებითი, რომლებშიც  წარმოდგენილია ფილმები ბულგარეთიდან და ევროპის სხვადასხვა კუთხიდან.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რის შედეგადაც კანის 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, „მოქალაქე წმინდანის“, ჩვენება 19 და 20 მაისს ფილმ-მარკეტისთვის განკუთვნილ დარბაზებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები