ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი გრძელდება

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება.

1 ივნისის საფესტივალო პროგრამამ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გააერთიანა: ქართული მრავალხმიანი სიმღერებით მაყურებლის წინაშე ანსამბლი „რუსთავი“ წარდგა; შეხვედრები გაიმართა ქართველ ვეტერან ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საფესტივალო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ეთნოჯაზბენდმა „ირიაომ“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა.

ქართულ ფესტივალს ლევილის მამული მეორედ მასპინძლობს. ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება. 24 მაისიდან 14 ივლისამდე ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება და მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები