სიმონ კლდიაშვილი – პირველი ქართველი ხუროთმოძღვარი, რომელსაც განათლება ევროპაში მიიღო
ილია და ოლღა ჭავჭავაძეები თბილისში ჯერ ნიკოლოზის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, საგინაშვილების სახლში, შემდეგ, ცოტა ხნით, ვაგზლის ქუჩაზე გადავიდნენ, ბოლოს კი ანდრიას ქუჩაზე დასახლდნენ, სადაც გიორგი ჩუბინაშვილის მეუღლის, ნინო ღვინიაშვილის მშობლებისგან – გაბრიელ და ბარბარე ღვინიაშვილებისგან ეზო და პატარა ერთსართულიანი სახლი შეიძინეს. მალე ილია ცნობილ ქართველ ხუროთმოძღვარს, სიმონ კლდიაშვილს დაუკავშირდა და ფასადის გაფართოება და ოთახების მიმატება დაუკვეთა – იმ სიმონ კლდიაშვილს, რომელიც 1899 წელს ნიკო ცხვედაძეს შემდეგი შინაარსის ბარათს წერდა:
“ღრმად პატივცემულო ნიკო ზებედეს ძევ! მაპატიეთ, რომ გეგმის გამოგზავნა ასე დავაგვიანე. მას ცოტა განსხვავებული სახით გიგზავნით იმასთან შედარებით, რაც თქვენ და მე ვივარაუდეთ. ეს გამოიწვია სამლოცველოს ცვლილებამ და აღმოსავლეთით გადმოტანამ, ამან თავის მხრით შეცვალა შემოსასვლელი ნაწილი. საჭირო გახდა ეკლესიასთან გასასვლელი მხარისკენ შესაკრები ნაწილი მიმემატებინა. სააქტო დარბაზსაც შევუცვალე მდებარეობა – ის განვათავსე სარეკრეაციოს ადგილზე, ეს უკანასკნელი ზედმეტად მივიჩნიე და სააქტოს მაგივრად სპორტდარბაზი მოვაწყე. დანარჩენი განლაგება ისევეა, როგორც ადრე გამოგიგზავნეთ. გავადიდე საკლასო ოთახების ზომებიც, რადგან ზუსტად არ ვიცოდი მოსწავლეების რაოდენობა თითოეულ კლასში, ვიგულისხმე 30-35 და 40-45 ადამიანი. ზედა სართულზე საძინებლები განვათავსე, ამით გაიზარდა შენობის ფართობი, კედლების ეკონომიის პირდაპირპროპორციულად, სადაც კედლები პირდაპირ თაღებად იშლება. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერია, რაც მოვასწარი, ვწუხვარ, რომ ვერ დავამთავრე. იმედს ვიტოვებ, სრული პროექტის შედგენისას, ყველაფერი გათვლილი და გათვალისწინებული იქნება… მუდამ თქვენი სამსახურისთვის მზადმყოფი სიმონ კლდიაშვილი. 1899 წლის 21
თებერვალი.
პ.ს. ბოდიშს გიხდით გაურკვეველი კალიგრაფიისთვის, ვჩქარობ, რადგან გემს მინდა მივუსწრო. ს. კლდიაშვილი…“
საქმე ის გახლდათ, რომ სიმონ კლდიაშვილი 1899 წლიდან თბილისის სათავადაზნაურო სკოლის შენობის პროექტის შედგენას და მშენებლობის ხელმძღვანელობას შეუდგა. ნიკო ცხვედაძესთან ათანხმებდა ყოველ წვრილმანს, თითოეულ დეტალს. ნიმუშებად კი ევროპიდან ჩამოტანილი სასწავლო დაწესებულების შენობების პროექტებს იყენებდა.
სწორედ ეს არის უმთავრესი ეტაპი კლდიაშვილის ხუროთმოძღვრული ბიოგრაფიისა. როგორც ამ უზარმაზარი შენობის ავტორი, სიმონ კლდიაშვილი ერთი უმთავრესი მონაწილეთაგანი გახდა, რომელსაც თავის დროზე უდიდესი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა ქართული საზოგადოებრიობისათვის.
უფრო მეტიც, ეს საქმე, მოწინავე მოღვაწეთა თვალში, ზოგადეროვნულ მოვლენად იყო მიჩნეული. – ასკვნის ვახტანგ ბერიძე. აქვე კიდევ ერთ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება – ვინ აპროექტებდა თბილისში სახლებს… ისტორიას თუ გადავხედავთ, ამოტივტივდება გვარები: სკუდიერი – მთავარმართებელ ვორონცოვის მიერ ოდესიდან მოწვეული, იტალიელი არქიტექტორი, შვედი არქიტექტორი სიმონსონი, თბილისელი არქიტექტორი ზალცმანი, მუშაობდნენ რუსი, პოლონელი, გერმანელი არქიტექტორები…
პირველი ქართველი ხუროთმოძღვარი, რომელსაც განათლება ევროპაში ჰქონდა მიღებული, სიმონ კლდიაშვილი იყო.
მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან