დღეს თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით გიწვევთ თბილისის წიგნის 26-ე საერთაშორისო ფესტივალზე.
ფესტივალი ტრადიციული მასშტაბითა და ფორმატით, ექსპო ჯორჯიას პავილიონებში უმასპინძლებს მკითხველებს. მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება ქართველი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 და მე-5 პავილიონებში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და მათთან დაკავშირებული საბავშვო აქსესუარები.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა, როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
ფესტივალი კვლავაც უმასპინძლებს პროექტს, “მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ფარგლებში ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.
ფესტივალის ვიზიტორებს წელს ამერიკული განათლების კუთხე უმასპინძლებს, სადაც განათლების ცენტრის LEAF წარმომადგენლები აბიტურიენტებს უფასო კონსულტაციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ.
წელს პირველად ფესტივალის გარე სივრცეში, მე-4 და მე-5 პავილიონების წინ გაიმართება “ფლიმარკეტი”. ადგილობრივი მეწარმეები მკითხველსა და დამთვალიერებელს სხვადასხვა აქსესუარებსა და ქართულ ნაწარმს შესთავაზებენ.
ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, ფესტივალის ღონისძიებები ლაივ რეჟიმშიც გავა ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე. გარდა ამისა, მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით წიგნების შეძენა veli.store-ზე, საფესტივალო ფასებად, ონლაინ რეჟიმშიც შეეძლებათ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ. ფესტივალის მთავარი მხარდამჭერია თიბისი. ფესტივალს ციფრული პარტნიორია Veli.store. ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერი კი მედია ჰოლდინგი „პალიტრა.“