ბალეტის შავი მარგალიტი – ქართველი მოცეკვავე ჰოლივუდში

ის მეოცე საუკუნის დასაწყისში, ციმბირიდან შანხაისკენ მიმავალ მატარებელში დაიბადა… მისი ცხოვრების გზა მრავალფეროვანი მოგზაურობით დაიწყო და მსოფლიო დონის ვარსკვლავობამდე, თავგადასავლებით სავსე აღმოჩნდა…

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გლამურული და კაშკაშა ვარსკვლავის, ცნობილი მოცეკვავისა და ჰოლივუდის კინომსახიობის თამარა თუმანიშვილის, იგივე თამარა თუმანოვას განვლილი ცხოვრება მართლაც შთამბეჭდავია. მასზე წერდა მსოფლიო პრესა, იყო უამრავი ხელოვანის მუზა, ჯორჯ ბალანჩინისთვის ის არაერთხელ გამხდარა შთაგონების წყარო. წარმატებული საბალეტო კარიერის პარალელურად, მას არანაკლებ საინტერესო სამსახიობო კარიერა ჰქონდა…

ის ამბობდა – ,,მე მუდამ ვიყურები მომავლისკენ და არასდროს წარსულში. ცეკვა ჩემთვის მუდმივი ინსპირაციაა.“

სიცოცხლის ბოლო წლები თამარამ საკუთარ სახლში ბევერლი-ჰილსზე გაატარა. ანდერძის თანახმად, მისი ქონების დიდი ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა…

ქართული წარმომავლობის ამერიკელი ბალერინის და მსახიობის დედა ევგენია თუმანიშვილი ხელთუბნელი თუმანიშვილების შთამომავალი იყო. 1918 წელს ფეხმძიმე ევგენია მეუღლესთან – რევოლუციას გარიდებულ რუს სამხედრო კონსტანტინე ზახაროვთან ერთად, რუსეთის გავლით ჩინეთში ემიგრაციაში გაემგზავრა. გზაში ინფექციური დაავადებისგან მეუღლე გარდაეცვალა. მარტოდ დარჩენილს ნერვიულობის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და 1919 წლის 2 მარტს შანხაისკენ მიმავალ მატარებელში გოგონა შეეძინა. ახალშობილს თამარი დაარქვა და თავისი გვარი – თუმანიშვილი მისცა. ევგენიამ მატარებელშივე გაიცნო პოლონური წარმოშობის მეფის არმიის ოფიცერი ვლადიმერ ხასიდოვიჩი, რომელიც თამარის მამინაცვალი გახდა.

ქალაქ ხარბინში რამდენიმე წლის ცხოვრების შემდეგ ევგენიამ თამარი ეგვიპტეში ჩაიყვანა. მცირე ხანს ქაიროში ლტოლვილთა ბანაკში ცხოვრობდნენ, 1926 წელს საცხოვრებლად პარიზში გადავიდნენ.

თამარის პირველი პედაგოგი ფორტეპიანოსა და ქორეოგრაფიაში იყო რუსი ბალერინა ოლგა პრეობრაჟენსკაია. გოგონას ნიჭიერებამ ყურადღება თავიდანვე მიიპყრო. მსოფლიოში ცნობილ ბალერინა ანა პავლოვას მიერ კონცერტებისათვის შერჩეულ პატარა ბალერინებს შორის თამარიც აღმოჩნდა.

შავი მარგალიტი

1929 წელს 10 წლის ასაკში თამარ თუმანიშვილმა მონაწილეობა მიიღო პარიზის ოპერის სცენაზე დადგმულ ბალეტში “L’ Evantail de Jeanne”, სწორედ ამ სპექტაკლში შეამჩნია დამწყები ბალერინა დიაგილევის საბალეტო დასის ახალდანიშნულმა მთავარმა ქორეოგრაფმა გიორგი ბალანჩივაძემ (ჯორჯ ბალანჩინი). ამ პერიოდიდან იწყება მათი ერთობლივი შემოქმედება. ბალანჩინმა დადგა სპეციალური ნომერი, სადაც პარიზის სტუდიების ნორჩი ბალერინები – ირინა ბარინოვა, ნატალია რიაბუშინსკაია და თამარ თუმანიშვილი უნისონში ასრულებდნენ შეჯიბრს ფუეტეებში. ეს “ბეიბი–ბალერინები” მაშინვე ცნობილი გახდნენ ყველგან, სადაც კი დიაგილევის “რუსული ბალეტის სეზონები” იმართებოდა.

1929 წელს ვენეციაში დიაგილევის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, დასის წევრთა ნაწილი ანა პავლოვასთან გადავიდა. ამავე დასში მიწვეული იყო მოსკოველი ქართველი ბალერინა თამარა გამსახურდია. 1931 წელს ანა პავლოვას ასევე მოულოდნელმა გარადაცვალებამ ეს კონტრაქტი ჩაშალა.

1932 წელს სამივე “გოგონა–ბალერინა” მონტე–კარლოს ბალეტმა მიიწვია ცნობილ საბალეტო დასში “De Basil Ballet Russes de Monte-Carlo”. აქედან იწყება თამარის წარმატებული კარიერა. იგი ცეკვავდა პარიზის “გრანდ ოპერაში”, მილანის “ლა სკალაში”, ნიუ–იოკის “მეტროპოლიტენ ოპერაში” და ა. შ. მის რეპერტუარში კლასიკური ბალეტების გარდა, თანამედროვე ბალეტებიც შედიოდა.

1932 წელს ჯორჯ ბალანჩინმა თამარისთვის შექმნა ახალგაზრდა გოგონას სახე ბალეტში “Cottilon”, რომელიც პარიზის ოპერის სცენაზე დაიდგა. ამავე წელს თამარმა მონაწილეობა მიიღო დადგმაში “Concurrence da Le Bourgeois” და ჯორჯ ბალანჩინის მიერ საგანგებოდ მისთვის შექმნილ ბალეტში “Le Palaid de Crisral” – “ბროლის სასახლე”. ეს ბალეტი მოგვიანებით ჯორჯ ბალანჩინმა ნიუ–იორკ–სითი ბალეტისთვის თავიდან დადგა სახელწოდებით “Symfony in C”. პარიზის პრესამ თამარა თუმანოვას ბალეტს “შავი მარგალიტი” შეარქვა. თამარი ცნობილი ქორეოგრაფების – ლეონიდ მარინის, ჯორჯ ბალანჩინის, სერჟ ლიფარის, ბრონისლავა ნიჟინსკას მუზა გახდა, ხოლო მისი პატრნიორები სცენაზე იყვნენ ვლადიმერ ოუხტომსკი, მიხეილ ფოკინი, ჯორჯ ზორიჩი, დევიდ ლიჩინი და სხვა. 1939 წელს ჯორჯ ბალანჩინის რჩევით 20 წლის ბალერინა საცხოვრებლად აშშ–ში გადავიდა, ულამაზესი მანდილოსანი ჰოლივუდში მალევე შამჩნიეს. იმავე წელს ის მონაწილეობს ბროდვეის მიუზიკლში “Stars In Your Eyes” და იწყებს ტურნეს მსოფლიოს გარშემო.

თამარი ამერიკაში ცხოვრების პერიოდში თანამშრომლობდა წამყვან საბალეტო დასებთან – “St. James Theatre”, “San francisco Civil Ballet”, “New York City Ballet”. წარმატებით მონაწილეობდა სპექტაკლებში მსოფლიოს ცნობილ სცენებზე – “American Ballet Theatre” (1944-1945), “The Paris Opera Ballet” (1947, 1950)”, “De Cuevas Company” (1949). “La scala” (1951, 1952); აგრეთვე ლონდონის 1952, 1954 წლების ფესტივალებზე.

1950 წელს თამარი “გრანდ–ოპერის” დასთან ერთად სამხრეთამერიკულ ტურნეში გაემგზავრა, ტრიუმფალური ტურნეს შემდეგ კი, პარიზის თეატრის პრიმა–ბალერინა გახდა.

კინოეკრანზე

თამარა თუმანოვამ ბროდვეის დაპყრობის შემდეგ, მიუზიკლებიდან კინოში გადაინაცვლა.  კინოეკრანებზე 40-იან წლებში გამოჩნდა და 30 წლის განმავლობაში არაერთი კინოგმირი განასახიერა. მისი დებიუტი კინოში 1944 წელს შედგა. რეჟისორმა ჟაკ ტერნერმა გადაიღო ფილმში “დიდების დღეები” (“Days of Glory”) დებიუტანტ გრეგორი პეკთან ერთად. ანა პავლოვას მეუღლის, დანდრეს მოთხოვნით, 1953 წელს ლეგენდარული ანა პავლოვას როლი შეასრულა ფილმში “ანა პავლოვა” (“Tonight We Sing”). 1954 წელს მონაწილეობს ფილმში – “ჩემს გულში” (“Deep in My Heart”). 1956 წელს რეჟისორმა ჯინ კელიმ გადაიღო შვედურ–ფრანგულ ფილმში “მიპატიჟება საცეკვაოდ” (Invitation to the Dance”), სადაც პარტნიორობას უწევს თავად ჯინ კელის. ეს ფილმი იმავე წელს რიგით მე-6 ბერლინის საერთაშორისო ფილმების ფესტივალზე “ოქროს დათვის” პრიზიორი გახდა. 1966 წელს  ფილმში “დახეული ფარდა” (“Torn Curtain”) ალფრედ ჰიჩკოკი იღებს თამარს პოლ ნიუმენთან და ჯული ენდრიუსთან ერთად. 1970 წელს ბილ უაილდერმა გადაიღო ფილმში “შერლოკ ჰოლმსის პირადი ცხოვრება”. მოგვიანებით მონაწილეობდა სატელევიზიო ფილმში “ბილ უაილდერი”. 1985 წელს რეჟისორმა ჯეკ ჰელიმ უკვდავყო ქართველი პრიმაბალერინას ცეკვის ჯადოქრობა დოკუმენტურ ფილმში.

ხელოვანების მუზა

იშვიათი სილამაზით გამოირჩეულ თამარ თუმანიშვილს ნაწარმოებებს უძღვნიდნენ კომპოზიტორები, მხატვრები, პოეტები. მეგობრობდა ალექსანდრ გლაზუნოვთან, სერგეი პროკოპიევთან, პაბლო პიკასოსთან, მარკ შაგალთან, ჟან კოკტოსა და ხელოვნების სხვა განთქმულ მოღვაწეებთან. თამარის პორტრეტები აქვთ დახატული ქრისტიან ბერარდს (მენილის კოლექცია, ჰიუსტონი, აშშ). ხუან მიროს, ვლადიმერ ტრეტჩეკოვს, ალექსანდრე შერვაშიძეს და სხვებს. ის იყო მხატვარ ჯოზეფ კორნელის შემოქმედების მუზა, ცნობილია აგრეთვე კორნელის სასიყვარულო წერილები, რომლებსაც თამარს გათხოვების შემდეგაც უგზავნიდა. პორტრეტები და წერილები დაცულია აშშ ცნობილ მუზეუმებში.

უიღბლო პირად ცხოვრებაში

ქართველი ვარსკვლავის პირადი ცხოვრება წარუმატებელი აღმოჩნდა… 1944 წელს იქორწინა ამერიკელ პროდიუსერსა და სცენარისტ კეისი რობინსონზე, რომელმაც 10 წელს გასტანა. თამარ თუმანიშვილი მეორედ აღარ გათხოვილა, მემკვიდრე არ დარჩენია. გარდაიცვალა 1996 წლის 29 მაისს, 77 წლის ასაკში, აშშ ქალაქ სანტა–მონიკაში. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა საკუთარ სახლში ბევერლი–ჰილსზე. ანდერძის თანახმად მისი ქონების დიდი ნაწილი მოხმარდა ქველმოქმედებას და გადაეცა ერთ–ერთ საბალეტო სკოლას. დაკრძალულია დედის, ევგენია თუმანიშვილის, გვერდით ლოს–ანჯელესის სასაფლაოზე “Hollywood Forever”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები