ლაშა ტალახაძე, ირაკლი ჩხეიძე და შოთა მიშველიძე პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებენ

პარიზის XXXIII ოლიმპიურ თამაშების ქართველ ლიცენზიატთა რიგებს 3 ძალოსანი შეემატა: ოფიციალურად დადასტურდა, რომ პარიზის ოლიმპიადაზე იასპარეზებენ შოთა მიშველიძე (61 კგ), ირაკლი ჩხეიძე (102 კგ) და ლაშა ტალახაძე (+109 კგ). სეოკ-მა შესაბამისი წერილი უკვე მიიღო ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან.

შოთა მიშველიძე არის მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს, ევროპის ჩემპიონატების ორი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ირაკლი ჩხეიძე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანია; ლაშა ტალახაძე  მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიო ძალოსნობის ლიდერია – ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის შვიდგზის ჩემპიონი, მრავალგზის რეკორდსმენი.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში 5 სალიცენზიო ტურნირზე იასპარეზა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც ოლიმპიური საგზურის მისაღებად რეიტინგის საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო აუცილებელი. ლაშა ტალახაძე ამ  რეიტინგში ლიდერობს, შოთა მიშველიძე მე-7 ადგილზეა, ხოლო ირაკლი ჩხეიძე მე-9 საფეხურზეა.

რაც შეეხება ქალთა ნაკრების ლიდერს, ანასტასია გოტფრიდს, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე გაირკვევა, მიიღებს თუ არა ლიცენზიას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები