ვინ იყო „სკოლის ფანატიკოსი“ და რა ღირდა მიწა სადაც დღეს უნივერსიტეტი დგას

უნივერსიტეტის აშენებამდე ნიკო ცხვედაძემ უამრავი დაცინვა და შეურაცხყოფა აიტანა. ზურგს უკან „სკოლის ფანატიკოსს“ ეძახდნენ, ამბობდნენ, ვერის მელიებისთვის და ტურებისთვის უყიდია სკოლის ადგილიო. მართლაც ვაკე მაშინ დაუსახლებელი გახლდათ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ადგილას პურის ყანა იყო გაშენებული, ცოტა იქით კი დაუმუშავებელი მინდვრები. ნიკო ცხვედაძემ დიდი აგიტაცია გასწია სათავადაზნაურო გიმნაზიის მასწავლებელთა შორის – ეს შენობა შეიძლება ბოლოს საქართველოს უნივერსიტეტის შენობად იქცეს, გარშემო მოსახლეობა გაჩნდება და მიწასაც ფასი დაედება, გირჩევთ, აქ შეიძინოთ მიწები და დასახლდეთო. ბევრს ჭკუაში დაუჯდა ნიკო ცხვედაძის რჩევა, შეიძინეს ადგილი – კვადრატული მეტრი – მანეთად და დაიწყეს სახლების შენება.

უნივერსიტეტის ადგილი კი, დაახლოებით 6 ჰექტარი მიწა, 1898 წელს, 21002 მანეთად და 15 კაპიკად შეუძენიათ სოლომონ ბებუთაშვილისგან. მიწის ნაკვეთის შესაძენად და შენობის ასაშენებლად ნიკო ცხვედაძეს ფულის შეგროვება დაუწყია. მას გვერდში ამოუდგა მოწინავე ქართველი საზოგადოება, ადამიანები, რომელთაც კარგად ესმოდათ უნივერსიტეტის მნიშვნელობა და „ღარიბ მოსწავლეთა შემწე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოება“. „გადავწყვიტეთ ჩვენი საწყალი ჯიბეები გადმოგვებრუნებინა და რაც გვქონდა, ამოგვებერტყა. იყო შედგენილი სიები ქართველ მოხელეთა, მსახურთა და ასე გროშებით, სწორედ გროშებით შეკრებილი ფულით ჩავყარეთ საძირკველი“ – იხსენებდა იაკობ მანსვეტაშვილი.

ამავე წელს შეიქმნა გიმნაზიის სამშენებლო კომისია ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით, რომლის წევრებიც გახდნენ – ექვთიმე თაყაიშვილი, კონსტანტინე ყავრიშვილი და სვიმონ კლდიაშვილი, მოგვიანებით კი მათ ილია ჭავჭავაძეც შეუერთდა. შენობის პროექტის შედგენა და მშენებლობის ხელმძღვანელობა ახალგაზრდა, მაგრამ უკვე ცნობილ ხუროთმოძღვარს, სვიმონ კლდიაშვილს მიანდვეს.

მწერალთა სახლი – ახალი ძველი ამბები ეკა მახარაშვილისგან

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები