საქართველოსა და ყაზახეთის კინოცენტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ყაზახეთს შორის კინოინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ, კინოინდუსტრიის მიმართულებით თანამშრომლობის წახალისების მიზნით, კინოცენტრს დაგეგმილი აქვს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმება, რომელიც საშუალებას მისცემს ქართველ პროდიუსერებს,  მონაწილეობა მიიღონ ყაზახური კინოფონდების კოპროდუქციის კონკურსებში. ასევე, ყაზახ რეჟისორებსა თუ პროდიუსერებს შესაძლებლობა ექნებათ, იპოვონ ქართველი პარტნიორები და მონაწილეობა მიიღონ ეროვნული კინოცენტრის კონკურსებში. შეთანხმების თანახმად, შესაძლებელია გამოცხადდეს კონკურსები, რომელთა მიზანი მხოლოდ საქართველო-ყაზახეთის კოპროდუქციის წახალისება იქნება. ასევე, ეს შეთანხმება წაახალისებს საგანმანათლებლო პროგრამების შექმნას; გამოცდილების გაზიარების მიზნით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ღონისძიების გამართვა; ხელი შეეწყობა ფილმების დისტრიბუციას.

საგულისხმოა, რომ ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ფილმი „სიმინდის კუნძული“, რომელიც 2014 წელს ყაზახეთთან პარტნიორობით შეიქმნა და ყაზახებთან თანამშრომლობით გადაღებული რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალმათის კინოფესტივალზე ქართული ფილმების წარმატება.

შეგახსენებთ: 14-25 მაისს ქ. კანი მასპინძლობს 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები