1805 წლის 17 მაისს დაიბადა მეცნიერი, ფილოსოფოსი სოლომონ დოდაშვილი
ნიკოლოზ ბარათაშვილის კონტექსტი
(ქართული განმანათლებლობის სათავეებთან)
„ქვეყნის დაარსებითგან მამულსა ჩვენსა აქვნდა თავისი საკუთარი მდგომარეობა, აქვნდა თავისნი რჯულნი, თავისნი სარწმუნოება, თავისი ენა და თავისი ჩვეულება, ჰყვანდა ყოველსა დროსა საკუთარი თავისი ხელმწიფე და არასოდეს არ იყო მოკიდებული სხვასა ზედა და არცა მონა, ვითარცაა აქ არს მამული ესე ჩვენი. და ჩვენი ხმა, სახელი და მამაცობა წინაპართა ჩვენთა ყოველთვის ჰქუხდა და აღავსებდა მსოფლიოსა. მტერი მარადის მოწყლულ იყო და დამხობილ მათგან. ხოლო აწ ხედავთა დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა?
ჰგრძნობთა შეიწროებასა ყოვლისა კაცისასა?! რაისთვის არს ესე ესრეთ? ნუ უკვე ჩვენ არა ვართ შვილი მამა-პაპათა ჩვენთანა?! ნუ უკვე ჩვენ არა ძალგვიძს შენახვა საკუთარისა მამულისა ჩვენისა?! ნუ უკვე ჩვენ არა გვაქვს სიმხნე და ძალი ესეოდენ, რაოდენიც ჩვენს მამათა ანუ სხვათა მსგავსთა კაცთა?! მაშ რაისთვის ვცოცხლობთ!“
სოლომონ დოდაშვილი
„ესრეც რას არგებს კაცსა დიდება / თუ მოაკლდება თავისუფლება?“
ნიკოლოზ ბარათაშვილი, „ბედი ქართლისა“
როცა ქართული განმანათლებლობის შესახებ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, და სამართლიანადაც, თერგდალეულთა თაობა გვახსენდება. საქართველოში პროგრესული იდეების პოპულარიზება-გავრცელებისთვის დიმიტრი ყიფიანმა, ილია ჭავჭავაძემ, იაკობ გოგებაშვილმა, ვაჟა-ფშაველამ და სხვებმა ტიტანური შრომა გასწიეს. ქართული ენის რეფორმა, მათი პუბლიცისტური და ლიტერატურული მოღვაწეობა, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გაწეული შრომა და ამ ხალხის პოლიტიკური საქმიანობა სწორედ რომ განმანათლებლობისა და თავისუფლების სულით იყო განმსჭვალული. გავრცელებული მოსაზრებაა, რომ ეს იდეები თერგდალეულებმა რუსი ინტელექტუალებისგან შეისისხლხორცეს და რომ არა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია, საქართველოსა და ქართველებისთვის არ გაიჭრებოდა გზა ევროპისკენ და დღემდე, აღმოსავლური კულტურის ტყვეობაში დავრჩებოდით.
შესაძლოა, ეს შეხედულება ნაწილობრივ სწორიც იყოს, მაგრამ თუ საქმის არსში გარკვევა გვსურს, ისტორიის იმ მონაკვეთებზეც უნდა დავფიქრდეთ, რომლებიც ჩვენთვის ბოლომდე ნათელი არაა და ქართულ ისტორიოგრაფიას ბოლომდე ჯერ არ გამოუკვლევია. დღეს ერთ-ერთ ასეთ გამოუკვლეველ საკითხად ნიკოლოზ ბარათაშვილის პიროვნება რჩება. რაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული მისი მსოფლმხედველობა, რომელიც ასე კარდინალურად განსხვავდებოდა იმდროინდელი სხვა ქართველი პოეტების, ზოგადად საზოგადოების შეხედულებებისგან. საინტერესოა, რომ თანამედროვეთა მხრიდან, ბარათაშვილის „ვერგაგება“ და „ვერდაფასება“, ქართველთ არხეინობას, დაუდევრობას თუ შურს მიეწერება ხოლმე. ასევე, ხშირად მოჰყავთ არგუმენტი ბარათაშვილის მიერ „დროის გასწრების“ შესახებ, რაც ამ მოსაზრების მომხრეთაგან პოეტის ტალანტის სათანადოდ „ვერდაფასების“ მიზეზად სახელდება. შესაძლოა „დროის გასწრების“ არგუმენტი საინტერესოც იყოს, მაგრამ ის ან მეტაფორად უნდა ჩავთვალოთ _ შევეცადოთ სიღრმისეულად ავხსნათ, რას ვგულისხმობთ ამა თუ იმ პიროვნების მიერ „დროის გასწრებაში“, ანდაც ჩვენი აზროვნებისთვის ყოვლად უსარგებლო ინფორმაციად მივიღოთ.
მაგალითად, ხშირად გვესმის, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილი თვითნაბადი გენიოსი იყო და მის „ამქვეყნად დაბადებას“ არც სოციალური და არც სააზროვნო წინაპირობა ჰქონია. მართლაც, უცილობელია, რომ ბარათაშვილი უდიდესი ნიჭით დაჯილდოებული პოეტია, მაგრამ მხოლოდ ამ უტყუარი ჭეშმარიტებით, რთულია იმ მიზეზების დადგენა, თუ რის საფუძველზე ჩამოყალიბდა მისი მსოფლმხედველობა და აზროვნება ისეთად, რა სახითაც ჩვენამდე მოვიდა.
ბარათაშვილის პოეზია რევოლუციური და ზოგადსაკაცობრიო იდეებითაა სავსე და, რაც მთავარია, იმდროინდელი ევროპული პოეზიის, აზროვნების თანადროულია. საგულისხმოა, რომ ეს იდეები უცხოა მისი თანამედროვე სხვა ქართველი პოეტებისათვის; თანაც, ბარათაშვილის უშუალო ლიტერატურული წინაპრის აღმოჩენა იმდროინდელ ან ოდნავ უფრო ადრეულ ქართულ პოეზიასა თუ პროზაში პრაქტიკულად შეუძლებელია. იმ ეპოქაში, ყველაზე დასავლურ ყაიდაზე მოლექსე ქართველი პოეტები _ ალექსანდრე ჭავჭავაძე და გრიგოლ ორბელიანი (რომლებიც რომანტიზმის (ამ წმინდად ევროპული მოვლენის) ქართული სკოლის ფუძემდებლებად ითვლებიან), არსობრივად განსხვავდებიან მათი ფორმალური მემკვიდრე ბარათაშვილისგან. ამიტომ, ალბათ, სჯობს დავსვათ კითხვა _ ვინ შეიძლება ყოფილიყო ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ამგვარი იდეებისთვის ეზიარებინა იგი? შესაბამისად თუ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მოვახერხებთ, იმასაც გავიგებთ თუ რატომ დააფასა ნიკოლოზ ბარათაშვილი სამოციანელთა „ახალმა თაობა“, ილია ჭავჭავაძის თაოსნობით და არა მისმა თანამედროვეობამ.
თუ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფიას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ერთადერთი ვისაც შეეძლო იგი „მერანისა“ თუ „ბედი ქართლისას“ ზოგადსაკაცობრიო იდეალებისთვის ეზიარებინა, სოლომონ დოდაშვილი იყო. პოეტის საახლობლოში არ იძებნება კაცი, რომელიც სოლომონ დოდაშვილის დარად, სიცხადით და სიღრმით გააცნობდა ევროპული განმანათლებლობისა და გერმანული იდეალიზმის იდეებს. როცა სოლომონი თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ასწავლიდა, მოსწავლე და მასწავლებელი იმდენად დაახლოებულან, რომ „კეთილისმყოფელნი“ ნიკოლოზს ხშირად აფრთხილებდნენ _“დოდაშვილს თავი დაანებე, თორემ გაგთოკავენო“. მაინც რა იყო დოდაშვილის მოძღვრების ძირი, რაზე დაფუძნდა მისი მსოფლმხედველობა?
შალვა ნუცუბიძის მოსაზრებით, იმანუელ კანტისა და იოჰან გოტლიბ ფიხტეს იდეები იყო ის სააზროვნო სივრცე, რასაც დაეყრდნო სოლომონ დოდაშვილი. მისი ფილოსოფიურპოლიტიკური მსოფლმხედველობისთვის ორი მთავარი წყარო არსებობდა _კანტის, გერმანული განმანათლებლობის მწვერვალის, ახალი, წმინდა გონების ფილოსოფია და ფიხტეს მოძღვრება ქმედების შესახებ, რომლის მთავარ თეზად იოანეს სახარების ციტატის ორიგინალური პერიფრაზი _“პირველად იყო საქმე“ _ გვევლინება. ფიხტე, ასევე ერთ-ერთი პირველი გერმანელი ფილოსოფოსია, რომელმაც ნაპოლეონის გერმანული ლაშქრობებისას, ნაშრომით „სიტყვები გერმანელი ერის მიმართ“, ხელი შეუწყო გერმანელებში ეროვნული სულისკვეთების გაღვიძებას. სოლომონ დოდაშვილის აზროვნება ერთის მხრივ დაფუძნებული იყო განმანათლებლობაზე, მეორეს მხრივ კი ეროვნულ სულისკვეთებაზე. სწორედ ამ იდეებისადმი ერთგულებამ განაპირობა მისი ბედიც…
დოდაშვილი ქართული ფილოსოფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფიგურაა „ახალი დროის“ 1 გაგებით:
ნაპოლეონს ერთხელ გოეთესთვის უთქვამს – „ახალი ტრაგედია“ ძველისგან იმით განსხვავდება, რომ ჩვენს წარმოდგენაში ბედისწერა აღარ არსებობს და მისი ადგილი პოლიტიკას უჭირავსო. სოლომონ დოდაშვილის ბიოგრაფიაც ამ ჭრილში შეიძლება გავიაზროთ: როგორც პიროვნება, რომელსაც უბედურება ბედისწერის უკუღმართობით კი არ დაატყდა თავს, არამედ პოლიტიკური შეხედულებების, ვითარებისა და მოვლენების გამო.
სოლომონ დოდაშვილს, განსაკუთრებული ნიჭის ადამიანს, მრავალი თანამემამულის მსგავსად, შეეძლო რუსეთის იმპერიაში წარმატებული კარიერა ჰქონოდა; თუმცა, ძალიან ახალგაზრდამ, შეგნებულად მიიღო გადაწყვეტილება და 1832 წლის შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი გახდა. მას სწამდა, რომ საქართველოს თავისუფლებისკენ სვლა და განვითარება მხოლოდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ იყო შესაძლებელი. 1832 წლის შეთქმულება იასე ფალავანდიშვილმა გასცა…
შეთქმულების მონაწილეთა უმეტესობა დააპატიმრეს და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გადაასახლეს. თუმცა, შეთქმულთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მოახერხა და მალე საქართველოში შეწყალების „ფურცლით“ ჩამოვიდა;
პარადოქსია, მაგრამ გადასახლებისას, ზოგიერთმა კარიერულადაც კი წაიწია წინ – ალექსანდრე ჭავჭავაძე სულაც ჩინმომატებული, ეპოლეტებით შემკული დაუბრუნდა სამშობლოს. ერთადერთი, რომლის შეწყალებაც იმპერატორმა არ ინება, სოლომონ დოდაშვილი იყო.
იგი 1836 წელს, რუსულ, მიყრუებულ-გადაკარგულ ვიატკაში გარდაიცვალა ოცდათერთმეტი წლის… 1832 წლის შეთქმულების მონაწილეთაგან მხოლოდ მას ჰქონდა გათვითცნობიერებული დამოუკიდებლობის და თავისუფლების იდეა, ნათლად ხედავდა ახალი ქართული თავისუფალი სახელმწიფოს პოლიტიკურ და სოციალურ კონტურებს… და სწორედ ამიტომ დაისაჯა იგი.
გადასახლებიდან დაბრუნების შემთხვევაში ის ვერაფრით ჩაეწერებოდა იმ აბსოლუტური მონარქიის სურათში, რომლისთვისაც სხვა შეთქმულები ზედგამოჭრილნი იყვნენ. დოდაშვილი, მონარქიისთვის სოციალური წარმომავლობითაც შეუსაბამო იყო. იგი წარმოშობით გლეხი გახლდათ. მისი მამა ივანე დოდაშვილი, დავით გარეჯისა და ბოდბის სამონასტრო სკოლაში განათლების მიღების შემდეგ, სოფელ მაღაროში განაწესეს მღვდლად, სადაც აღიზარდა სოლომონიც. ამიტომაც – Quod licet Iovi, non licet bovi (ლათ. რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს). მიუხედავად იმისა, რომ სოლომონ დოდაშვილის ფილოსოფიური მემკვიდრეობა რაოდენობრივად მცირეა, მისი ღვაწლის მხოლოდ გამოქვეყნებულ ფილოსოფიურ ნაწარმოებებზე დაყვანა არასწორია.
როგორც ვახტანგ ორბელიანი ამბობს _ რომ არა დოდაშვილი, არც ნიკოლოზ ბარათაშვილი იქნებოდა. ამით, არც მას, და არც ჩვენ, ბარათაშვილის, როგორც მოაზროვნის, მნიშვნელობის დაკნინება სრულებითაც არ გვინდა, უბრალოდ ყველა მწერალსა და პოეტს აქვს საკუთარი კონტექსტი, რომლის გარეშეც ის ვერ მოახერხებდა იმად ქცევას, რადაც იქცა. ნიკოლოზ ბარათაშვილის „კონტექსტი“ მისი მასწავლებელი სოლომონ დოდაშვილია. განა შემთხვევითია ბარათაშვილის სტრიქონები: „და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება…“ რომელიც, თუ დავაკვირდებით, „განმანათლებლურად“ ჟღერს; ასევე „ბედი ქართლისაშიც“ აშკარად იგრძნობა დოდაშვილის გავლენა პოეტის მონარქიისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებაში – „დიდი ხანია გულს ირაკლისა / გადუწყვეტია ბედი ქართლისა!“ ეს ხომ მეფე ერეკლეს ერთპიროვნული, გულისწადილზე დაყრდნობილი გადაწყვეტილების კრიტიკაა. სტატიის დასაწყისში მწერლის მიერ „დროის გასწრების“ შესაძლებლობაზე ვსაუბრობდით; არც დოდაშვილს და არც ბარათაშვილს დროისთვის არ გაუსწრიათ, მათ თავიანთი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში (განსხვავებით თანამედროვეთაგან, რომლებმაც მოახერხეს და დროს ჩამორჩნენ), შეძლეს და ეპოქის სული ამოიცნეს. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ ბარათაშვილი მანამდე არ დაფასდა საქართველოში, სანამ თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სულისჩამდგმელმა, ილია ჭავჭავაძემ არ წაგვაკითხა იგი.“
ლევან შატბერაშვილი
კულტურა პლუს #12. 2018