ნეაპოლში იტალიურ ენაზე გახმოვანებული ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ფეოლა“ პრემიერა შედგა
იტალიის ქალაქ ნეაპოლში, კინოთეატრში „მოდერნისიმო“, იტალიურ ენაზე გახმოვანებული ქართული მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „ფეოლა“ პრემიერა შედგა. ბაადურ წულაძის ფილმის პერსონაჟები, იტალიურ ენაზე იტალიელი სპორტული ჟურნალისტების და სხვა ცნობილი ადამიანების ხმით ალაპარაკდნენ.
იტალიურ ენაზე, ფილმი, ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა ქეთა სორდინი ჯაფარიძემ და ქართველმა თარჯიმანმა და მედიატორმა ნეაპოლში მაკა ხაჩოშვილმა თარგმნეს. რედაქტირება და იტალიურ ენასთან ადაპტირება, ჯოვანი ჯაკომანტონის, მაია ჯიჯავას და ფრანჩესკო ტრეჩის ეკუთვნით.
ფილმი სტუდია „არტე 58“ (ნეაპოლი) და „სტუდიო სკარლატიში“ (რომი) გახმოვანდა.
ფილმს ახმოვანებენ: ვალტერ დე მაჯო, ლუკა ჩიქოვანი, ჯანფრანკო კოპოლა, ადრიანო პასტორე, უგო დი ფენცა, ვინჩენცო პერნა, ალიჩე პერნა, დიეგნო მარინო, ფრანჩესკო მოლარი, ალესია ბარტირომო, ქეთა სორდინი ჯაფარიძე.
“ფეოლას” იტალიურ ენაზე თარგმნის იდეა იტალიაში მცხოვრებ ქართველ ჟურნალისტს, ERMES TV-ის დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს, ნინა მამუკაძე-სორდინის ეკუთვნის.
ნინა მამუკაძე-სორდინი: შარშან, ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ თავბრუდამხვევი წარმატების შემდეგ, იტალიელი, განსაკუთრებით კი ნეაპოლელი კოლეგების ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდი, როგორც იტალიურენოვანი ქართველი ჟურნალისტი. ისინი ხშირად მეპატიჟებოდნენ გადაცემებში და აღმოვაჩინე, რომ ნელ-ნელა კითხვების დასმა დაიწყეს არა მარტო ხვიჩაზე, არამედ საქართველოზე, მის კულტურაზე, დამწერლობაზე, ფეხბურთის ისტორიაზე… და მაშინ ვიფიქრე, რომ უნდა გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც ფეხბურთის გავლით საქართველოს და ქართული კულტურის პოპულარიზაციის საშუალებას მომცემდა.
ასე დაიბადა „ფეოლას“ იტალიურ ენაზე, პროფესიონალურად გახმოვანების და პრეზენტაციის იდეა. ფილმის, რომლის ფრაზებითაც ქართველები დღემდე, 54 წლის შემდეგაც კი საუბრობენ. ჩემს კოლეგასთან, აკა სულავასთან ერთად იდეას პროექტის ფორმა მივეცი და „დიასპორული ინიციატივების“ კონკურსზე წარვადგინე. პროექტმა გაიმარჯვა და დაიწყო ურთულესი პროცესი, რომელიც 9 მაისს შესანიშნავად დაგვირგვინდა.
მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ არაჩვეულებრივ პროექტში იყო ჩართული და თავისი წვლილი შეიტანა. განსაკუთრებული მადლობა ფილმის სამართალმემკვიდრეს, ბაადურ წულაძის დას, ქალბატონ ლედი წულაძეს.“
ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რომელმაც იტალიელ მაყურებელსა და იტალიურ პრესაში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. იგი გაშუქდა ისეთი დიდი გამოცემების მიერ როგორებიცაა „Corriere Dello Sport”, “La Stampa”, პროექტის ავტორი მიწვეული გახლდათ Tele A-სა და Tele club Italia-ში და ა.შ.
პროექტი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორის დეპარტამენტის კონკურსის „დიასპორული ინიციატივების“ ფარგლებში და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.