უკრაინელი მწერალი ნატალია ტროხიმი მწერალთა სახლის რეზიდენციაში გატარებულ თვეებზე და ნაყოფიერ სამუშაოზე წერს

უკრაინელი მწერალი ნატალია ტროხიმი, რომელსაც რამდენიმე თვის განმავლობაში მწერალთა სახლის რეზიდენცია მასპინძლობდა, განვლილ თვეებზე და ამ დროის განმავლობაში განხორციელებულ ნაყოფიერ სამუშაოზე წერს:

„როდესაც ომი დაიწყო, საქართველოში ჩამოვედი, რადგან აქ მეგობრები მეგულებოდნენ და თან მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა გასაკეთებელი. მწერალთა სახლის დირექტორის, ქეთევან დუმბაძის კეთილშობილური მოწვევით, ბოლო ექვსი თვე თბილისში, მწერალთა სახლის რეზიდენციაში გავატარე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ თქვენს საოცარ რეზიდენციაში ცხოვრების საშუალება მომეცით, არა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის, კომფორტისა და სილამაზისთვის, არამედ ნაყოფიერი მუშაობის შანსისა და შესაძლებლობისთვის.

რეზიდენციაში ცხოვრების განმავლობაში შევძელი გამომეცა 5 წიგნი: 3 ბილინგვა და 2 „კასანდრა“ (ლესია უკრაინკას პოეტური დრამა) − ქართულად და უკრაინულად. გარდა ამისა, მეექვსე წიგნი გამოსაცემად მოვამზადე.

ამრიგად, 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის მაისამდე გამომცემლობა „კუნძულის“ გუნდთან ერთად გამოვაქვეყნე 5 წიგნი:

  1. ნატალია ტროხიმი. „ზღაპარი შობის ვარსკვლავზე“ / Наталя Трохим. Казочка про Різдвяну Зірку (უკრაინულ და ქართულ ენებზე, თარგმანი − მარიამ წიკლაური, ილუსტრაცია − ლელა ცუცქირიძე);
  2. ნატალია ტროხიმი. „ზღაპარი შობის ვარსკვლავზე“ / The Tale of the Christmas Star (ქართულ და ინგლისურ ენებზე, თარგმანი − რომან პახოლკოვი, ილუსტრაცია − ლელა ცუცქირიძე);
  3. ლესია უკრაინკა. „კასანდრა“ (ქართულ ენაზე, თარგმანი − გაგა ნახუცრიშვილი, ილუსტრაციები − თუთუ კილაძე);
  4. Леся Українка. Касандра (უკრაინულად, ილუსტრაციები − თუთუ კილაძე);
  5. ჰოვარდ ლავკრაფტი. „სიზმრები ჯადოქრების სახლში“ / Говард Лавкрафт. Сни у відьминім домі (ინგლისურ და უკრაინულ ენებზე, თარგმანი − ნატალია ტროხიმი, ილუსტრაციები − ზორიანა ბაზილევიჩი).

მეექვსე და მეშვიდე წიგნი გავამზადეთ გამოსაცემად:

  1. მიკოლა ხვილოვი. „მე“ (რომანტიკა, ქართულ ენაზე, თარგმანი − ლექსო ქურხული, ილუსტრაციები − გიორგი ტროხიმი);
  2. Микола Хвильовий. Я (романтика, უკრაინულად, ილუსტრაციები − გიორგი ტროხიმი).

მჯერა, რომ უკრაინული ლიტერატურა მნიშვნელოვანი და საინტერესოა ქართველი მკითხველისათვის, ამიტომ ყველაფერს ვაკეთებ, რომ ის ქართველებამდე მივიტანო.

დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩართული იყო ამ საქმეში.

მწერალთა სახლის მხარდაჭერის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.   ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, და სწორედ ასეთ სიკეთეში ვხედავ სიცოცხლის აზრსა და არსს.

ჩვენ გვჯერა ჩვენი გამარჯვების!”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები